არჩევნები და სტალინი, როგორც დამკვირვებელი

უკვე ათი წელია არჩევნებს ვაკვირდები. ბევრი რამ შეიცვალა ამ წლების მანძილზე, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ბოლო ორი არჩევნები, მათი მსგავსება და განსხვავებები მახსენდება. თავიდან დავიწყებ.

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით განვახორციელე. გადავწყვიტეთ გორის №32 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანი მომევლო, ასევე კოორდინირება გამეწია სხვა 5 დამკვირვებლისთვის. 07:00 საათამდე ყველა თავის უბანზე მივიყვანეთ და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელ პროცედურებს მე-17 საარჩევნო უბანზე დავაკვირდი. სამჯერ ვარ დამკვირვებლად ამ უბანზე ნამყოფი და ყოველთვის განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა, ამიტომ ვიფიქრე წელსაც საინტერესო იქნებოდა აღნიშნული უბნის მონიტორინგი. თან 11 წელი მე-5 საჯარო სკოლაში ვიარე და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს იქაურობის მიმართ. მოკლედ, სავალდებულო პროცედურები წესისამებრ გაიარეს. რადგან უბანზე ცოტა ხნით დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი, პირველ ამომრჩევლს, რომელიც ზუსტად 08:00 სთ-ზე მოვიდა ფოტო გადავუღე, ფეისბუქზე ავტვირთე, შემდეგ კი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესწავლა გადავწყვიტე. გასული წლის გამოცდილებით ვიფიქრე წელსაც აღმოვაჩენდი  უცნობ ორგანიზაციებს ,საინტერესო და უცნაური სახელწოდებებით. ასეც მოხდა – ჩემი მოლოდნი გამართლდა.

„მწვანე დედამიწა“;  „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“; „თავისუფალი არჩევანი“; „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის“; „ლტოლვილთა და უმცირესობათა პრობლემების ინსტიტუტი“; „საზოგადოებრივი დამცველი“ და ა.შ. შარშანდელი სამი ორგანიზაცია მახსენდება ასეთი „ახლადგამომცხვარი“, წელს კიდევ უფრო მეტი ფანტაზია აღმოაჩნდათ – არც რაოდენობაში შეიზღუდნენ და არც დასახელებებში. უფრო მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ აღნიშნული ორგანიზაციების სახელით, მათ შორის საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლები, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები. მათ კანონი არ უკრძალავთ ამგვარ ქმედებას, უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ იგივენაირად იქცევიან, როგორც გასულ წელს ნაციონალური მოძრაობა და რასაც თავადვე აკრიტიკებდნენ. მათი რამოდენიმე წარმომადგენელი არც მალავდა – კითხვაზე – თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხართ? მპასუხობდნენ – „არა, ქართული ოცნებიდან“, „მე ბურჯანაძის წარმომადგენელი ვარ“ და ა.შ. მოკლედ, დღის ბოლომდე ჩამოთვლილი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ღიად თუ ფარულად გამოხატეს საკუთარი თავი და პარტიული კუთვნილება.

წელსაც, ისევე როგორც შარშან, ორი სახის დამკვირვებლები იყვნენ – ერთნი – ძალიან აქტიურები, სულ დადიოდნენ და „სიტუაციას აკონტროლებდნენ“ და მეორენი – ძალიან მოწყენილი სახეებით თითქმის გაუნძრევლად ისხდნენ ერთ ადგილას, ძალიან იშვიათად გადაადგილდებოდნენ და საერთოდაც იფიქრებდით, რომ – იქ არ იყვნენ.

მე-17  უბნიდან 85-ე უბანზე გადავედი – სუხიშვილის უნივერსიტეტის შენობაში პროცესებს თვით სტალინი ადევნებდა თვალს. უმაღლესი სასწავლებლის ფოიეში დავით აღმაშენებლის, იაკობ გოგებაშვილის და ილია ჭავჭავაძის გვერდით სტალინის უზარმაზარი პორტრეტი კიდია. ფოტო გადავიღე და კომისიის წევრებმა სიამაყით აღნიშნეს – ჩვენი რექტორი სტალინის განსაკუთრებული მოყვარული და ქალაქში მისი ძეგლის დაბრუნების დიდი მოამაგეაო. როდესაც ჩანაწერთა წიგნი მოვითხოვე, რამდენად სწორად იყო პროცედურები, მდივანი მეუბნება – „ვერ ხედავ ზემოდან ვინ გადმომყურებს, როგორ შეიძლება წესების დარღვევაო“. ყველაფერი მართლაც წესრიგში იყო, წარმატება ვუსურვე „სტალინურ კომისიას“ და საოლქოში გადავინაცვლე. ისევე როგორც ზემოთ აღნიშნულ უბნებზე საოლქოშიც ძალიან მშვიდ სიტუაციაში ელოდნენ მოვლენების განვითარებას.

Image

Image

შემდეგ, როგორც მობილური ჯგუფის დამკვირვებელმა, სხვადასხვა უბნების შემოვლა დავიწყე, დღის განმავლობაში ოცამდე უბანი მოვიარე, როგორც ქალაქში, ისე გორის რაიონის სოფლებში, მათ შორის სადემარკაციო ხაზთან ახლოს. ვესაუბრებოდი დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, ვაკვირდებოდი გარემოს, ვამოწმებდი ჩანაწერთა წიგნს და ა.შ. ყველგან ერთმანეთის მსგავს ფაქტებს ვხვდებოდი – კომისიის წევრები კარგად არ იყვნენ გარკვეულნი პროცედურულ საკითხებში, უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევები. როგორც შარშან, წელსაც იდგნენ სიებით უბნებთან ახლოს ადამიანები და აკონტროლებდნენ ვინ მოდიოდა და ვინ არა. ერთ-ერთმა ნაცნობმა არ დამალა და ყველა კითხვაზე გულწრფელად მიპასუხა, ის და მისი ჯგუფის წევრები ქართული  ოცნების კოორდინატორები აღმოჩნდნენ და როგორც მითხრე მათ აგიტაცია ევალებოდათ. მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი, მახსოვს გასულ წელს ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მასალას ავრცელებდა.

შარშანდელისგან განსხვავებით ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან დაბალი იყო. არჩევნები საოცრად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ადგილი არ ჰქონია სერიოზულ დარღვევებს და ნებისმიერ ხარვეზზე პოზიტიურად რეაგირებდნენ.

Image

კენჭისყრის პროცედურების დასრულებამდე ისევ მშობლიურ სკოლას და მე-17 საარჩევნო უბანს მივაკითხე – 1444 ამომრჩევლიდან 500 ადამიანსაც არ ჰქონდა ხმა მიცემული. არავინ ელოდა ასეთ დაბალ აქტივობას და სიმართლე გითხრათ მე ასეთ მშვიდ გარემოს არ ველოდი. მართლა არ მეჯერა, რომ ასე სწორად და კანონიერად მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესები.

საარჩევო უბნის დახურვიდან ყუთის გახსნამდე ყველა პროცედურა კოდექსის შესაბამისად განხორციელდა, მცირე ხარვეზებზე შენიშვნების მიმართ მიმღებლობით გამოირჩეოდნენ.  ხმების დათვლაც სრული წესების დაცვით წარიმართა. აღნიშნულ უბანზე დაითვალეს სპეციალური უბნის ხმებიც. ხმები ბოლომდე არ ჰქონდათ დათვლილი, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დამირეკა მერეთიდან – მათთან უკვე ყველაფერი დასრულებული იყო და მთხოვდა წამომეყვანა მანქანით.

გორიდან მერეთისკენ მიმავალ გზაზე, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ რამდენიმე უბნის შედეგი იქნებოდა ცნობილი, მანქანების კოლონა შეგვხვდა ქართული ოცნების დროშებითა და სიგნალებით – წინასწარ აღნიშნავდნენ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას. უკან დაბრუნებისას წამოვიყვანე სხვა დამკვირვებლებიც – ტყვიავიდან, კარალეთიდან და კარალეთის დევნილთა დასახლებიდან. ყველა მათგანი წარმოუდგენლად მშვიდ საარჩევნო დღეზე და მცირე რაოდენობის ხარვეზებზე საუბრობდა. ეს იყო ყველაზე მკვეთრი რამ რაც ბოლო ორი არჩევნების პროცედურებს ერთმანეთისგან განასხვავებდა.

წინა წლებისგან განსხვავებით ღამის 3:00 სთ-ზე საოლქო საარჩევნო კომისიას ყველა უბნის მონაცემები უკვე მიღებული ჰქონდა, არადა, ხშირად უბნიდან გათენებისას წამოვსულვარ.

იმედი მაქვს აღარასოდეს დაბრუნდება გაყალბებული არჩევნების დრო, 27 ოქტომბერს დაფიქსირებულ ხარვეზებს სერიოზულად მოეკიდება ცესკო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთ, უფრო მყარ და მკვეთრ ნაბიჯს გადავდგამთ დემოკრატიისკენ.

Image

Image

Image

(ბლოგპოსტი პირველად გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ცენტრის საიტზე / http://www.humanrights.ge/)

Advertisements
Posted in არჩევნები | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

მოსახლეობა ახალი პრეზიდენტის მოლოდინში

ხვალ საქართველოს მოსახლეობა 23 კანდიდატს შორის ახალ პრეზიდენტს აირჩევს. მათი დამოკიდებულება განსხვავებულია – ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული არჩევნების შედეგბს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის კურსის ჩამოყალიბებაში, მის შემდგომ განვითარებასა და საგარეო ურთიერთობებში, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვინც არ უნდა აირჩეს პრეზიდენტად,  სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიაში მკვეთრ ცვლილებებს ვერ შეტანს. ჩვენ გორის რამდენიმე მაცხოვრებელს გავესაუბრეთ  და ვკითხეთ – იციან თუ არა ვინ არიან საპრეზიდენტო კანდიდატები, იცნობენ თუ არა მათ პროგრამებს, რის მიხედვით აპირებენ არჩევანის გაკეთებას და რა მოლოდინები აქვთ 27 ოქტომბრის შემდეგ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

Image

გიორგი, 23 წლის, სტუდენტი: „რა თქმა უნდა მივდივარ არჩევნებზე და ვიცი რომ ჩემს ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს საბოლოო შედეგისთვის, მაგრამ გვინდა ის შედეგი რაც შეიძლება დადგეს? იმის თქმა მინდა, რომ მე და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ისეთი პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, რუსეთს ძალით დაწესებულ საზღვრებს გააუქმებინებს, ადამიანებს სამსახური ექნებათ, კომუნალურ გადასახადებზე ტარიფებს დაწევს, შექმნის განათლების კარგ სისტემას, დაიცავს კერძო საკუთრებას, ციხეებში აღარ აწამებს ადამიანებს, ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას და ყველას უფლებას თანაბრად დაიცავს – განურჩევლად სქესისა, წარმომავლობისა და  სექსუალური თუ პოლიტიკური ორიენტაციისა. როგორც ერთ ქართულ ფილმშია „ასეთი ჩვენს ქალაქში მხოლოდ დიმიტრია გელოვანი“. დღეს კი პოლიტიკურ სივრცეში „დიმიტრი გელოვანები“ არ გვყვავს, სამწუხაროდ“.

ლიანა, 57 წლის, მედიცინის მუშაკი: „ძალიან მინდოდა ოდესმე საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყოლოდა. მაგრამ დღევანდელი კანდიდატები ისეთები არიან, ასეთ ქალ პრეზიდენტზე არ მიოცნებია, ამიტომ სიმართლე გითხრათ ისიც კი არ ვიცი ვისი გამარჯვება მოუტანს ქვეყანას სიკეთეს. ახლა ყველა საუბრობს იმაზე თუ „ვინ ვისი კაცია“, ერთ კანდიდატზე ამბობენ – „რუსეთუმეაო“, მეორეზე – „დასავლეთისკენ იხრებაო“, მესამეზე – ქვეყანაში რელიგიური მმართველობა უნდა დაამყაროსო, მეოთხეზე, მეხუთეზე და დანარჩენებზე, გავიგე რომ სულ 23-ნი ყოფილან, საერთოდ არაფერს ამბობენ, არც რეკლამები გვხვდება თვალში, არც სახელები და გვარები მეცნობა… ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ გადამიწყვეტია ხმა ვის უნდა მივცე, ან წავიდე თუ არა საერთოდ არჩევნებზე“.

ჟუჟუნა, 69 წლის, პედაგოგი, პენსიონერი: „მე როგორც ვიცი ახლადარჩეულ პრეზიდენტს ბევრი შესაძლებლობა არ ექნება, რაც აქამდე ჰქონდა, კონკრეტული საკითხები არ მახსოვს, მაგრამ სიუჟეტს ვუყურე ტელევიზორში და თქვეს რომ უფლებამოსილება ეზღუდებაო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტი მაინც პრეზიდენტია, ქვეყნის სახეა, ამიტომ კარგი იქნებოდა რომ ის ყოფილიყო ყველასთვის მისაბაძი, თითით საჩვენებელი კანდიდატი, მოსახლეობის უმრავლესობა რომ მასზე გააკეთებდა არჩევანს. სამწუხაროდ, ასეთი კანდიდატი მე არავინ მეგულება. მაგრამ, არჩევანი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და ჩვენი შემდგომი ქცევით საშუალება არ უნდა მივცეთ არც პრეზიდენტს და არც პარლამენტს რომ არ დაგვიჯეროს, ერთი წუთით მოსვენება არ უნდა მივცეთ (კარგი გაგებით) და ჩვენც მასთან ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე. ყველას უკვირს ჩემი ასეთი დამოკიდებულება, შემართება და ენთუზიაზმი, ალბათ ასაკის გამო, მაგრამ მე შვილები მყავს, შვილიშვილები, მათი მეგობრები, მომავალი თაობა, რომლებისთვისაც ჯერ ვერ შევქმენით კარგი სახელმწიფო. ამიტომ დასვენების უფლება არ გვაქვს, სანამ შემეძლება რა თქმა უნდა“.

Image

თამარი, პროფესიით ფილოლოგი, 52 წლის: „არ ვიცი სულ რამდენი კანდიდატია დარეგისტრირებული, ვიცი რომ საკმაოდ ბევრია, მათი პროგრამის დეტალებიც არ მახსენდება, არჩევანს იმის მიხედვით გავაკეთებ – ვინ ვისი გუნდის წევრია, აქამდე რა გაუკეთებია და ა.შ“.

შოთა, 26 წლის, ეკონომისტი: „არჩევნები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ამას მაინც მოყვება ცვლილება და ძალთა გადანაცვლება. გულწრფელად რომ გითხრათ, მართლა არ ვიცი რის მიხედვით უნდა გავაკეთო არჩევანი, თუ გავითვალისწინებთ საარჩევნო პროგრამებს რომელთა ნაწილს გავეცანი და ბრამოდენიმე მათგანი თითქმის იდენტურია. არა მგონია ამაზე დაყრდნობა ღირდეს, თან საქართველოში გვაქვს მწარე გამოცდილება იმისა, რომ საარჩევნო პროგრამა მხოლოდ არჩევნებამდე მუშაობს, ამიტომ ვფიქრობ არჩევანის გაკეთება პიროვნებიდან და მისი გუნდიდან გამომდინარე მომიწევს. რეალურ კანდიდატებს თუ გადავხედავთ არა მგონია შედეგმა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება გამოიწვიოს. რადგან ეს კურსი საქართველოს მოსახლეობის არჩევნაია და მას თუნდაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს, ადვილად ვერ შეცვლის. მეორე საკითხია ექნება თუ არა მას ამის რეალური ბერკეტები, ვფიქობ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად ცვლილებებს ქვეყნის შიგნით მოახდენს და იმედია ეს ცვლილებები ქვეყნისთვის სასიკეთო აღმოჩნდება“.

ალექსანდრე, 49 წლის, პროფესიით ეკონომისტი, უმუშევარი: „ბევრს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, განათლებასა და გამოცდილებასთან ერთად მინდა რომ კარგი მეტყველება ჰქონდეს, კარგი სიტყვა-პასუხი, ხალხი იცნობდეს, საერთაშორისო საზოგადოება პატივს სცემდეს, სუფთა უნდა იყოს, მაგრამ არც ის ვარგა სულ გამოუცდელი და გულუბრყვილო აღმოჩნდეს“. 

სოლომონი, 67 წლის, პენსიონერი: „იცით რა არის? თუ თითოეული ჩვეულებრივი ოჯახისთვის არ შეიცვლება არაფერი, ბევრი ადამიანისთვის სულ ერთი იქნება ვინ იქნება პრეზიდენტი – მიშა, ბიძინა, ბურჯანაძე თუ დავითაშვილი. მე კი მგონია, რომ რომელი მათგანიც არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება – გადასახადებს არავინ შეგვიმცირებს, სოციალურ შემწეობას არავინ გაგვიზრდის, აგერ ჩემს მეზობელს პირიქით შეუჩერდა, სამუშაო ჩვენთვის არ იქნება და არაფერი… რა ვქნა, აღარავის იმედი აღარ მაქვს, როგორმე უნდა გავუძლოთ ამ ცხოვრებას, ვისაც აირჩევენ, ავიტან როგორმე“.

Posted in არჩევნები | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ერთად დგომის დროა!

დღეს დვანში ვიყავით.
Image
2008 წლის შემდეგ პირველად გავიარე გზა, რომელსაც ომამდე ყოველ მეორე ან მესამე შაბათ-კვირას გავდიოდი, ბევრი წლის მანძილზე. 
ყოველი სოფლის ტრაფარეტი – “საღოლაშენი”, “ბრეთი” , “დირბი”, ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილ მოგონებებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ახლა ემოციები იცვლება. მთელი გზა მეტირებოდა. სამწუხაროდ ბოლო ტრაფარეტი “დვანია” … ვეღარ გავივლიდი ოსურ სოფლებს – მუგუთს და დიდმუხას და ვეღარ ჩავიდოდი ავნევში. ეჰ, იმ ემოციებზე აღარ გავაგრძელებ…

ავნევი 2008-ში დავკარგეთ. დღეს კი, დვანში ჩასული კიდევ უფრო კარგად ხვდები, რომ ის პროცესი არ დასრულებულა. 

არ ვიცი როდის დაიწყო, როდინდელ გადაწყვეტილებას იკანონებენ (პოლტიკოსებს ყოველთვის აქვთ გსასამართლებელი “საბუთები”) მაგრამ დღეს ფქტი ისაა, რომ ადამიანები საცხოვრებელ სახლებს შლიან, საკუთარი ხელით ანგრევენ და თმობენ. 
დღეიდან, დაახლოებით 200 ჰექტარ მიწაზე გაურკვევლი ვადით, ქართველები ფეხს ვეღარ დადგამენ. იქ დვანელებს ხეხილის ბაღები, სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები, სასაფლაოს ტერიტორიის ნაწილი დარჩათ. გივი მახაჭაშვილმა, აკაკი კორაშვილმა და მერაბ მეკარიშვილმა კი საკუთარი სახლები დატოვეს, მოსავლის აღებასაც კი ვერ ასწრებენ ნორმალურად.

Image

Image
ძალიან რთულია, როცა რაღაც არ მოგწონს და არსებითად ვერაფერს ცვლი.

იცით, აქამდე მეგონა, რომ იქაურები შეიძლებოდა დაღლილები ყოფილიყვნენ ამ საპროტესტო აქციებით, მაგრამ პირიქით – ისინი მათთან გულწრფელად მისულ თითოეულ ადამიანს აფასებენ. რა თქმა უნდა უდიდესი წილი პასუხისმგებლობა ამ ადამიანების დახმარების და მათი უფლებების დაცვის საკითხში ხელისუფლებას მართებს და თავიდან არ უნდა აიცილოს. 

ჩვენ უბრალოდ მივედით, ვესაუბრეთ ადგილობრივებს, მოვისმინეთ მათი გასაჭირი, და წამოვედით. მათ დასახმარებლად რამდენიმე იდეა გვაქვს, ამაზე ცალკე დავწერთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, მანამდე კი უბრალოდ მოვუსმინეთ და ვუთანაგრძნეთ.
Image
ვიღაც იტყვის – და რა მერე? შედეგი? ერთი შეხედვით არაფერი. არც გვქონია ილუზია რომ მავთულხლართებს უკან გადავწევდით. ვიცით რომ არ შეგვიძლია, მაგრამ გვინდა რომ ჩვენი ქმედება იყოს გადამდები, რადგან იქაურებს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ.

იცით რა მითხრა ერთმა ბებომ? – როცა ამდენ ხალხს ვხედავ ჩვენი გასაჭირით შეწუხებულს, იმედი მეძლევა, რომ საბოლოოდ განწირულები არ ვართო. არადა ეს ხომ არაა მხოლოდ მათი გასაჭირი? მხოლოდ ამის გულისთვის მაინც ღირს იქ ჩასვლა და მათთან შეხვედრა. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ამ ამბებისადმი შინაგანი პროტესტი არ ჰქონდეს, რაღა დარჩა, უბრალოდ უნდა გაანძრიო ადამიანმა ერთი ადგილი და რამე გააკეთო. და ყველას უნდა უთხრა რომ ასე მოიქცეს, როგორც შეძლებს ისე დაეხმაროს იმ ადამიანებს. 
არ ვიცი.
მართლა რთულია როცა რაღაც ძალიან არ მოგწონს და არსებითად ვერაფერს ცვლი.

Image
Image

 

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ჩემი პირველი დამოუკიდებელი „პახოდი“, ანუ რჩევები დამწყები მოლაშქრისთვის :)

Image

თუ მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, შენ მაინც გადაწყვიტე ე.წ. “პახოდში” დამოუკიდებლად წასვლა, წინასწარ დაწერე ფბ-ზე –  აუცილებლად გეყოლება მეგობრებში პერწკლისნაირი გამოცდილი მოლაშქრე და მნიშვნელოვან რჩევებს მიიღებ – რომ უნდა წაიღოთ ჭაჭა / ქიშმიში / ფანარი / საწვიმარი, ჯინსები სახლში დატოვოთ და ა.შ J

თუ ჩემ მსგავსად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკის დალაშქვრა გაქვს გადაწყვეტილი, მინდა გითხრა, რომ წინ ულამაზესი ბუნება გელოდება, ცოტა რთული გზით მაგრამ ძალიან საინტერესო თავგადასავლით.

წაიღე მსუბუქი საძილე ტომარა, რომელიც თუ არ გაქვს, ფეისბუქზე დაწერე და ვინმე ღვთისნიერი გათხოვებს (მაგალითად – გიორგი ისაკაძე)

გასვლამდე გადაამოწმე, მიგაქვს თუ არა პარალონი – რკინიგზის სადგურზე მისვლისას დაინახავ, რომ ყველას ექნება, გაგახსენდება და უკვე გვიან იქნება.

თუ მაინც დაგრჩა, ძალიანაც ნუ ინერვიულებთ – უარესები ემართებათ – ზოგიერთებს „თავი რჩებათ“ 🙂 – ეძინებათ, მატარებელზე აგვიანდებათ, სადმე ბორჯომის პარკთან გეწევიან და ა.შ.

არყის და ხილის ყიდვისას მაინცდამაინც „ნუ ენდობი“ გამყიდველებს – შესაძლოა არაყი უფრო ძლიერი აღმოჩნდეს ვიდრე ელოდი, „სველი მსხალი“ კი მხოლოდ უცენზურო ხუმრობების ციკლისთვის გამოგადგეთ. 🙂

აუცილებლად იყიდეთ ჩუპაჩუპსი – არაყს უხდება.

მოუსმინეთ გაგას, საინფორმაციო ცენტრში, რათა იმის მიუხედავად, რომ „ხელუხლებელი ტყის ბილიკი“ ძალიან ლამაზია, საინტერესოა და ა.შ, მის ნაცვლად, „ნაკვალევის ბილიკი“ აირჩიოთ, მერწმუნეთ მეორეც საკმაოდ რთულია და დამწყები მოლაშქრის პირობებში პირველს ვერ გაქაჩავთ.Image

Image

Image

Image

თუ თქვენ ერთადერთი წარმომადგენელი ხართ თქვენივე სქესიდან და მით უმეტეს თუ მდედრი ხართ, შეგიძლიათ საპირისპირო სქესის სახელზე იფიქროთ, იქ აუცილებლად ახალ სახელს დაგარქმევენ და სჯობს ბარემ თქვენივე არჩეული სახელი გიწოდონ  (კატო – კოტე)

მოკლედ, თუ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ:

 წასვლამდე გაიფიქრებთ ან სხვები გაგაფიქრებინებენ – ნეტავ კიდევ ვინმე იყოს გოგოო, მაგრამ დაივიწყეთ ეგ ფიქრი, განდევნეთ, არ ეცადოთ სხვა მდედრიც მოძებნოთ თანამოლაშქრედ – ეს გააორმაგებს იმის შანსს, რომ კიდევ უფრო დიდ დროს დაკარგავთ გზაში, „მეორე გოგო“ შეეცდება თქვენთან კოალიციის შექმნას, მოგიწევთ წუწუნის და „ვაიმე დავიღალე“ ფრაზების ატანა 🙂

Image

Image

ყველაფერი გააკეთეთ ისე, როგორც სხვებისგან მოითხოვდით – არ იწუწუნოთ, ზედმეტად არ ჩამორჩეთ, დისკომფორტი არ შეუქმნათ სხვა მოლაშქრეებს.

ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით – ლაშქრობაში მნიშვნელოვანია ჯგუფთან ერთად ყოფნა და არა ის – „ყველაზე მაგარი ვიქნები თუ პირველი მივალ დანიშნულების ადგილამდე“, ნუ იქნები „ტყის ხამი“, რათა მერე არ მოგიწიოს ჯგუფისგან საკმაოდ შორს ლოდინი

თუ შენ ერთადერთი მდედრი ხარ მეგობარ მოლაშქრეთა ჯგუფში და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მამრის სახელიც გიწოდეს, მაინც გამოიყენე შანსი და დააკვირდი მათ ქცევას, მერწმუნე ბევრ რამეს აღმოაჩენ, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი საინტერესოა, როცა გვერდით ბანაკის გოგონებთან მიახლოებას, მათ თქვენს კოცონთან მოპატიჟებას და შებმას ცდილობენ ❤ (ბიჭებო, ამ მომენტს მეტად არ განვავრცობ, ნუ გეშინიათ <3)

მას შემდეგ, რაც უკვე მამრის სახელს გიწოდებენ (თუმცა არც მის გარეშე იქნებოდა პრობლემა), ნება იბოძეთ და აიტანეთ ყველა ის „შუტკა“, რაც მეგობარი თანამოლაშქრეების უცენზურო ტვინში გაიელვებს და კიდევ უფრო უცენზურო პირი წარმოთქვამს. თუ არ გინდოდათ, დარჩენილიყავით სახლში და არ მოგიწვდათ მოსმენა 🙂

კოცონთან შეგიძლია წამოწვე და „დაიძინო“, დაიძინო ბრჭყალებში, რადგან მართლა თუ დაიძინებ, ვერ გაიგებ ფრაზებს, იმის შესახებ, თუ როგორ ზრუნავენ შენზე თანამოლაშქრეები. ამას მართლა ვამბობ (გმადლობთ, ბიჭებო ^_^)

აქვე ვიტყვი, რომ მთელი „პახოდის“ განმავლობაში, იმის მიუხედავად რომ „კოტე“-დ მოგნათლავენ, მაინც იგრძნობთ ზრუნვას, როგორც „კატო“-ზე (შეიძლება კოტე-ზეც) (აღმართზე დალოდების, დაღმართზე სიარულში მოხმარების, პარალონის თხოვების და სხვა სიკეთეების სახით ), ამიტომ ნება იბოძეთ და საჯაროდაც უთხარით ამ კონკრეტული რაღაცების გამო მადლობა. ^_^

წასვლამდე აუცილებლად უყურეთ ტრანსფორმერებს, რათა დილით, ნაბახუსევზე თუ რომელიმე თანამოლაშქრე მეგატრონის გინებით გაგაღვიძებთ, არ თქვათ, რომ ეგ ვიღააო 🙂

დილით, როცა უკვე საკუთარი სქესი დაგიბრუნდებათ, ელოდეთ ლექსების წაკითხვას რომელიმე მამრისგან, მაგრამ ბოლომდე ნუ ენდობით, წასვლამდე გადაიმეორეთ ლეონიძე, შანდორ პეტეფი, გალაკტიონი და ა.შ დიდი შანსია პერიოდულად შეხსენებამ მოგიწიოთ. მაგრამ შეხსენება რისკის შემცველიცაა, შესაძლოა მოისმინოთ ფრაზა – „თუ იცოდი, რაღას მაყოლებდიო“  🙂

კიდე რა შემიძლია გითხრათ? პრინციპში მეტი არაფერი, წადით და თავად დალაშქრეთ „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის“ ძალიან ლამაზი ბილიკები.
Image

Image

 

 

Posted in Uncategorized | 2 Comments

„იშრომე ბევრი, იყავი კეთილი“ – წიგნი ყველა პედაგოგისთვის

თქვენ იცოდით „რადარამის“ შესახებ?

ბევრს გაეცინება – „რადარამი“ ვინ არ იცისო“, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ უფრო მეტი გაიფიქრებს – „არა, პირველად მესმის“.

მე რამდენიმე თვის წინ ამხანაგისგან გავიგე, სახელწოდება დავიმახსოვრე და პირველივე შესაძლებლობისთანავე წიგნის მაღაზიაში მოვიკითხე – ასე შევიძინე ქეთრინ შულცის  „როცა ცდები, თავგადასავლები შეცდომების ზღვარზე“ – ძალიან საინტერესო წიგნი თითოეული ჩვენგანის შესახებ.

Image

მოკლედ, „რადარამი“ ეს არის გამომცემლობა, რომელიც არამხატვრულ ბესტსელერებს თარგმნის. ისეთ წიგნებს, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაიბეჭდა და საზღვარგარეთ დიდი აღიარება მოიპოვა. ამით გამომცემლობა ცდილობს ქართველი მკითხველი დააახლოვოს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისგანაც გასული ათწლეულების მანძილზე იზოლირებული იყო.

“რადარამის” Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | 2 Comments

გაიღე სისხლი – დროა!

ზუსტად 51კილოგრამი ხართ, შეგიძლიათ სისხლი ჩააბაროთ.

ასე არასოდეს გამხარებია, რომ 50 კგ-ზე მეტს ვიწონიდი, კინაღამ ექთანს ჩავეხუტე…

დღეს ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღეა, მე და ჩემმა მეგობრებმა (გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“) აქციას გავუკეთეთ ორგანიზება და ფეისბუქით ხალხს სისხლის უანგაროდ გაღებისკენ მოვუწოდეთ. რამოდენიმე შემოგვიერთდა, ზოგიერთმა ვერ შეძლო ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, თუმცა მათ, ვისაც უბრალოდ დაეზარა,  ვერც კი წარმოუდგენიათ, რაზე თქვეს უარი.

17100_608899775802175_302995356_n

დილიდან ვნერვიულობდი – მახსოვდა, რომ რამდენიმე თვის წინ გემოგლობინი მქონდა ნორმაზე დაბალი და ვფიქრობდი შეიძლებოდა ახლაც მასე ყოფილიყო.

შ.პ.ს. „გორმედის“ სისხლის ბანკში მისულს მეგობრებმა კიდევ ერთი სანერვიულო დამიმატეს – „შენ ალბათ დონორი ვერ გახდები, წონის გამო“…

Image

მოკლედ, როგორც იქნა შევედი გასასინჯად, მუხლების კანკალით დავდექი სასწორზე –  პირველი ბარიერი გადავლახე – 51 კგ ვარ, ანტიბიოტიკებით არ ვმკურნალობ,  ჰეროინი არ მომიხმარია, არც ვენერიული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არ მაქვს, ერთი სიტყვით გზა ხსნილია შემდეგ კაბინეტში შესასვლელად.

გემოგლობინი 135 მქონია, სისხლის ჯგუფი – მეორე უარყოფითი. რა თქმა უნდა ცნობისმოყვარეობას გასაქანს ვაძლევ და ექიმიც პროცედურებში მარკვევს – როგორ იგებენ სისხლის ჯგუფს, რამდენად ხშირად მიდიან სისხლის ჩასაბარებლად, რომელი დაავადებები აღმოაჩნდებათ ხოლმე ყველაზე ხშირად და ა.შ.

„დღში 15, 20, 30 დონორი გვყვავს, ძალიან იშვიათად ვინმემ სისხლი უანგაროდ ჩააბაროს, არ მიკვირს… 30 ლარი ვიღაცისთვის კაპიკებია მაგრამ ბევრისთვის პურის ფულია. ძალიან ნერვიულობენ ხოლმე, როცა სისხლში ფულს იღებენ, მაგრამ რა ქნან, სხვა გზა არ აქვთ, მე ყველას ვამშვიდებ, მორალურად ვამხნევებ ხოლმე, იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანს 30 000 ლარი მისცე მაგრამ სიცოცხლე ვერ შეუნარჩუნო, მათ მიერ 30 ლარად გაღებული სისხლით კი ლეიკემიით დაავადებულთათვის სიცოცხლის გახანგრძლივებაა შესაძლებელი“.

Image

მოკლედ, გულო დეიდა შევსებულ ფურცელს მაძლევს – საშვს სისხლის ასაღებად და მართლა უზომოდ გახარებული გავდივარ ბოლო და მთავარი პროცედურის შესასრულებლად.

იქ ვიგებ, რომ ჩემს მეგობარს ვენა ვერ უპოვეს და ვერ შეძლო სისხლის ჩაბარება.

ჰმ, კიდევ ერთი ბარიერი…

ჩემთანაც ჯერ ერთ ხელზე „ეძებეს“, მერე მეორეზე და როგორც იქნა!

285669_500014173378164_1847735973_n 535460_500014236711491_1484468713_n

17106_608898629135623_1679868091_n

თითქმის  უმტკივნეულოდ გავეცი 350 გრამი სისხლი.

მათთვის ვისაც ეშინოდა – საერთოდ არაა რთული და მტკივნეული, ვერ გადმოვცემ რამდენად მაგარი შეგრძნებაა, რომ მე ეს შევძელი, რომ ჩემი 350 გრამი სისხლი რომელიმე ბავშვს 350 საათით მაინც გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს, რომ ჩემთან ერთად სხვებმაც გაიღეს  სისხლი უსასყიდლოდ. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. მინდა, რომ ასეთები ბევრნი იყვნენ, ეს აქციაც არ იყოს ერთჯერადი და დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით.

62981_608898232468996_66688940_n

11371_608899695802183_1091696076_n

32157_608898285802324_1115879601_n551483_608898572468962_1063529490_n

პ.ს. ახლა დაველოდები 18 თებერვალს, უნდა დავრეკო იმის დასადასტურებლად, რომ ჩემი სისხლი ჯანმრთელია და დონორად გამოვდგები. იმედი მაქვს არაფერი მჭირს.

პ.პ.ს. პერსონალური მადლობა „დროას“, განსაკუთრებით ნიკას – აქციის ინიცირებისთვის, შოთას, ნანუკას და ვანოს – მარტო რომ არ დამტოვეს სისხლის აღების პროცესში და კიდევ ერთხელ შოთას – შოკოლადისთვის ❤

Posted in Uncategorized | Tagged , , | 18 Comments

არათეატრალური პერფორმანსი გორის თეატრის გაყინულ დარბაზში

321474_10151278374179531_1236649579_n

მე გიორგი ერისთავის „ზემლიაკი“ ვარ … : )

კი, იმ დიდი ერისთავის, ქართულ თეატრს რომ ჩაუყარა საფუძველი და წელს მთელი თეატრალური სამყარო მის 200 წლის იუბილეს რომ ზეიმობს…

კი, კი, იმ ერისთავის პირველი წარმოდგენა გორის რაიონ სოფელ ხიდისთავში, ხის ფიცრულში რომ გამართა, ჟურნალ “ცისკრის” რედაქტორი რომ იყო, ქართული კრიტიკულ რეალიზმი რომ უჩვენა თანამედროვეებს, სკოლაშიც რომ გვასწავლეს მისი პიესები – “შეშლილი” და “გაყრა”… კიდევ ბევრი  რამით შეიძლება გახსენება, მაგრამ, საკმარისია, ძალიანაც კარგად იცით ვინ იყო გიორგი ერისთავი : )

როგორც ამბობენ, ეგ „საუკუნის წინ“ იყო… დღეს სხვა რეალობაა.  თუმცა გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ დღესაც გრძელდება ტრადიციები გორის თეატრში, დღესაც ეხმიანებიან სპექტაკლებით თანამედროვეობას  და ცნობიერების ცვლილებისკენ უბიძგებენ მაყურებელს…

სულ ვამბობ ხოლმე, მე კი არა ვიღაც ცნობილმა თქვა ადრე, სახელი და გვარი არ მახსოვს და ვერც ზუსტ ციტირებას შეგპირდებით… მოკლედ, შინაარსი ისაა, რომ თეატრი კი არ უნდა დავიდეს მასებამდე, პირიქით, საკუთარ სიმაღლეზე უნდა აიყვანოს აუდიტორიაო.

რატომ დავიწყე პოსტის წერა… დღეს (თუ უკვე გუშინ? მოკლედ, 27 იანვარს), გორის თეატრის დიდ დარბაზში მე და ჩემმა მეგობრებმა (გორის ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დროა“) თეატრის დიდ დარბაზში, რომელიც წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და გასული წლის ბოლოს, როგორც იქნა რემონტი დაიწყეს, არათეატრალური პერფორმანსი წარვადგინეთ. მუსიკის ფონზე, სახურავიდან ჩამოჟონილი წვიმის წკაპაწკუპის თანხლებით წავიკითხეთ და განვიხილეთ ფრანც კაფკას „განაჩენი“, ძველი და ახალი პოეტების ლექსები…

Image

Image

ჩვენი პერფორმანსის მიზანი, ჩვენი და სხვა გორელი ახალგაზრდების კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და თეატრის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო. მხარდაჭერა იმისთვის, რომ წლების მანძილზე, ავარიული შენობის მიუხედავად, თეატრალურ დასს და ადმინისტრაციას არასოდეს შეუწყვეტია სამუშაო პროცესი და ყოველთვის არაჩვეულებრივ რეპერტუარს გვთავაზობდნენ, ასეთ რთულ პირობებშიც კი ახერხებდნენ გორის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

მართლა ძალიან კარგი საღამო იყო, ძალიან ვნერვიულობდით, რომ შეიძლებოდა აუდიტორიას ისე არ გაეგო, როგორც ჩვენ ჩავიფიქრეთ. მაგრამ, ყველაფერი მოსალოდნელზე მეტად მაგარი გამოვიდა.

ღონისძიება სიცივის მიუხედავად დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ძალიან მიხარია, რომ შემოგვიერთდნენ თეატრის სამხატვრო ხლმძღვანელი სოსო ნემსაძე, ანზორ გვაძაბია, ქიშვარდ მანველიშვილი და სხვა მსახიობები, დიდი მადლობა მათ, თეატრის ადმინისტრაციას, “დროელებს” და ყველა სტუმარს ასეთი, მართლა „საკაიფო“ პერფორმანისთვის.

Image

Image

Image

Image

Image

Posted in Uncategorized | Tagged , , , | %(count)s კომენტარი