კიდევ ერთი წვეთი მათთვის, ვისაც ყელში ამოუვიდა ჩვენი გლოვა ომში დაკარგულებზე

2008 წლის შემდეგ აგვისტოს ჩემთვის სხვა ფერი და სუნი აქვს, სხვანაირი მოგონებებით არის გაჟღენთილი, თვალწინ ყველაზე ხშირად ომის და დაკარგული სოფლის კადრები მიტრიალებს და სიზმრებსაც კი იმდროინდელს ვნახულობ.

რამდენიმე დღის წინ 2008 წლის აგვისტოს თემაზე ბლოგის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ სათქმელს თავი ვერ მოვაბი. განა იმიტომ, რომ ცოტაა დასაწერი, უბრალოდ, იმდენად ინტიმურია იმ დროის მოგონებები, არ იცი როგორ თქვა ისე, რომ სხვამ გადამეტებულ სენტიმენტალიზმში, პატეთიკაში, ან ჩემი ერთ-ერთი ფისბუქ-მეგობრის არ იყოს – ნეკროფილიაში არ ჩაგითვალოს.

ამ უკანასკნელზე არც არასდროს მიფიქრია – რომ ომში დაღუპულთა მიმართ პატივისცემას ვინმე ნეკროფილიად ჩათვლიდა, არც უნდა დამეწერა, მაგრამ დღეს მთელი დღე მის სტატუსზე და ქვეშ დაწერილ კომენტარებზე მეფიქრება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს შეიძლება ტელევიზორშიც არ უნახავთ ეს ომი, თორემ რატომ უნდა წერდნენ ასე გულგრილად? ვერ ვიჯერებ, რომ მათთვის სულ ერთია – ვინ რა დაკარგა, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ვინ რა გმირობა ჩაიდინა და ნეკროფილიას უწოდებენ იმას, რასაც ჩემი სიტყვებით ომში დაღუპულთა მიმართ პატივის მიგება ჰქვია. “ვირტუალური გოდება” არაა ერთადერთი და საუკეთესო გამოხატულება, მაგრამ ვისაც როგორ შეუძლია ისე გამოხატავს, ზოგი ყაყაჩოს დაყენებით, ზოგი იმ დროს დაღუპული ადამიანის ფოტოს გაზიარებით, ზოგი საკუთარ სოფელზე პოსტით და ა.შ.

ეს სტატუსები “ბოლო წვეთი” იყო. სხვა დროსაც ხშირად გამიგია / წამიკითხავს იმის შესახებ – რით ვერ მოვრჩით ამაზე საუბარს / წერას… რატომ არის ჩვენი გლოვა “გაუთავებელი”? იმიტომ რომ არ გაგვნელებია ტკივილი და მონატრება. (რაოდენ სენტიმენტალურად, პატეთიკურად და ბანალურადაც არ უნადა ჟღერდეს).

ავნევი (სოფელი სადაც „გავიზარდე“ და ყველა ტკბილი მოგონება მასთან არის დაკავშირებული )7 აგვისტოს დავტოვე, გორი – 8-ში. 23 აგვისტომდე თბილისში ვიყავით. ჩვენ დეიდასთან ვცხოვრობდით, ჩვენი მეგობრები ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, გლდანში. მათ სანახავად ყოველდღე დავდიოდით. სკოლასთან ახლოს მცხოვრები ხალხი, ძირითადად ასაკიანები, ძალიან კარგად ექცეოდნენ დევნილებს, სახლიდან საკვები მოჰქონდათ, ტანსაცმელს საკუთარ სახლებში არეცხინებდნენ და ა.შ. მათი გულისხმიერება არასოდეს დამავიწყდება, სახეებიც კი მახსოვს მათი, ერთ დღეს დიდი ქვაბებით საჭმელები რომ მოზიდეს.

მაგრამ, ასევე არასოდეს დამავიწყდება ახმეტელის მეტროსთან, კიბეებზე, ჩემს უკან რამდენიმე ახალგაზრდის საუბარი – „დროზე გავიდნენ რა რუსები გორიდან, იქნებ ცოტა დაიცალოს ქალაქი, ამოვიდა ყელში ამდენი სოფლელის ყურებაო. მეც მაგას არ ვამბობ? ამ დროს არასოდეს ყოფილა მეტროში ამდენი ხალხი, რა უბედურებაა, სკამზე ვერ დავჯექიო“. შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის მათი თვალით დანახული ომი და რუსების მიერ მოტანილი ერთადერთი პრობლემა – „სოფლელებით“ სავსე ქალაქი და მეტროში მათ მიერ დაკავებული სკამები“. ახლაც ძალიან ვბრაზდები ჩუმად რომ ავიტანე ჩემს ზურგსუკან ეს საუბარი.

მაგრამ მაშინ ამ უჭკუო ადამიანებისთვის ვის ეცალა. ეს ის დღე იყო როცა ჩვენს ავნეველ მეგობარს ვესაუბრე და გვითხრა რომ ავნევში თითქმის ყველა სახლი უკვე გადამწვარი იყო და ალბათ იქ ვეღარასოდეს დავბრუნდებოდით. ეს იყო ყველაზე მძიმე დღე მთელ იმ პერიოდში. თუმცა, რა თქმა უნდა კიდევ უფრო დიდია იმ ადამიანების ტკივილი, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს ომში და საშინელებაა, როცა მათ გახსენებას და მათზე გლოვას (რა დროც არ უნდა გავიდეს და როგორი დიდი დოზითაც არ უნდა იყოს) ვიღაც ნეკროფილიას უწოდებს. 😦

მესმის, რომ ვიღაცები შესაძლოა დაიღალნენ ჩვენი გაუთავებელი გლოვით, ჩვენი სოფლებისადმი გაუთავებელი მონატრებით, მაგრამ თუ ერთი წუთით მაინც დაფიქრდებიან თითონ რას იგრძნობდნენ მსგავს სიტუაციაში და თუ მაინც ვერ მიხვდებიან ჩვენს განწყობას, მაშინ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ „ცივი გონება“ და „მოვლენების ობიექტურად განსჯის უნარი“.

ჩვენ, „აგვისტოს ომიდან გამოსულებმა“ 6 წლის წინ დავტოვეთ ჩვენი საყვარელი ადგილები იმ იმედით, რომ უკან მალევე დავბრუნდებოდით, მაგრამ ეს „მალე“ 6 წელია არ დადგა და ჯერ კიდევ არ ვიცით როდის შეიძლება დადგეს. “სამწუხაროდ” კიდევ დიდხანს მოგიწევთ ჩვენი გლოვის ატანა ომში დაკარგულთა მიმართ.

ნუ, მოკლედ, კიდევ ბევრია სათქმელი და დასაწერი, მაგრამ…

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

11 Responses to კიდევ ერთი წვეთი მათთვის, ვისაც ყელში ამოუვიდა ჩვენი გლოვა ომში დაკარგულებზე

  1. teunasworld ამბობს:

    ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი განწყობა თუ იქნებოდა საზოგადოებაში. -_- სიტყვები არ მყოფნის.. :/

  2. marika ამბობს:

    მადლობა ღმერთს, რომ თქვენნაირი ახალგაზრდებიც მრავლად გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ მწვავე ტკივილის განცდა და წრფელად გადმოცემა. პატივს გცემ, პატარა უცნობო მეგობარო

  3. natia ამბობს:

    კატო ჩემო კარგო მიუტევე რადგან არ იციან და ვერც გაიგებენ ამ ყველაფერს.ეს ჩვენ გვტკივა ასე ძალიან ,რადგან ჩვენი მხარეა.მე პირადად 23წელია ველოდები ჩემს ქალაქში დაბრუნებას მაგრამ ამაოდ.დადგება ის დღე ,როდესაც ყველა დაბრუნდება!

  4. anjelika55 ამბობს:

    kato chemo patara da sayvarelo adamiano…. shennairad fiqrobs yvela normaluri…gazlierdi da sul male menaxe shwens sayvarel avnevshi dasasveneblad wasuli

  5. Mari Durglishvili ამბობს:

    მადლობა კატო ჩემს სათქმელს ამბობ, რადიო თავისუფლებაშიც , რომ იყავი გნახე, კარგი გოგო ხარ. კიდევ ერღხელ მადლობა

  6. კატო შენ ძაან მაგარი გოგო ხარ ❤ რაც შეეხება ომის თემას სრულიად გეთანხმები, იმ ადამიანებს ვინც ამბობს რომ ამ თემაზე გლოვა უნდა მორჩეს ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ 2008 წლის ომზე წარმოდგენაც არ აქვთ, ისინი შორიდან უყურებდნენ ან არც უყურებდნენ იმ ვითარებას რაც იმ პერიოდში ხდებოდა.მე მესმის შენი გულისტკივილი, რადგან მეც შენი მხრიდან ვარ ნიქოზიდან, მე მახსოვს ის საშინელი დღეები ჯერ კიდევ ძალიან მკაფიოდ და ვფიქრობ მათ დავიწყებას კიდევ დიდ ხანს ვერ შევძლებთ. მაგრამ ის კი მჯერა რომ შენს სოფელს მალე დავიბრუნებთ. :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s