არჩევნები და სტალინი, როგორც დამკვირვებელი

უკვე ათი წელია არჩევნებს ვაკვირდები. ბევრი რამ შეიცვალა ამ წლების მანძილზე, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ბოლო ორი არჩევნები, მათი მსგავსება და განსხვავებები მახსენდება. თავიდან დავიწყებ.

2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი ადამიანის უფლებათა ცენტრის სახელით განვახორციელე. გადავწყვიტეთ გორის №32 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანი მომევლო, ასევე კოორდინირება გამეწია სხვა 5 დამკვირვებლისთვის. 07:00 საათამდე ყველა თავის უბანზე მივიყვანეთ და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელ პროცედურებს მე-17 საარჩევნო უბანზე დავაკვირდი. სამჯერ ვარ დამკვირვებლად ამ უბანზე ნამყოფი და ყოველთვის განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა, ამიტომ ვიფიქრე წელსაც საინტერესო იქნებოდა აღნიშნული უბნის მონიტორინგი. თან 11 წელი მე-5 საჯარო სკოლაში ვიარე და განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს იქაურობის მიმართ. მოკლედ, სავალდებულო პროცედურები წესისამებრ გაიარეს. რადგან უბანზე ცოტა ხნით დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი, პირველ ამომრჩევლს, რომელიც ზუსტად 08:00 სთ-ზე მოვიდა ფოტო გადავუღე, ფეისბუქზე ავტვირთე, შემდეგ კი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესწავლა გადავწყვიტე. გასული წლის გამოცდილებით ვიფიქრე წელსაც აღმოვაჩენდი  უცნობ ორგანიზაციებს ,საინტერესო და უცნაური სახელწოდებებით. ასეც მოხდა – ჩემი მოლოდნი გამართლდა.

„მწვანე დედამიწა“;  „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“; „თავისუფალი არჩევანი“; „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის“; „ლტოლვილთა და უმცირესობათა პრობლემების ინსტიტუტი“; „საზოგადოებრივი დამცველი“ და ა.შ. შარშანდელი სამი ორგანიზაცია მახსენდება ასეთი „ახლადგამომცხვარი“, წელს კიდევ უფრო მეტი ფანტაზია აღმოაჩნდათ – არც რაოდენობაში შეიზღუდნენ და არც დასახელებებში. უფრო მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ აღნიშნული ორგანიზაციების სახელით, მათ შორის საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლები, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები. მათ კანონი არ უკრძალავთ ამგვარ ქმედებას, უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ იგივენაირად იქცევიან, როგორც გასულ წელს ნაციონალური მოძრაობა და რასაც თავადვე აკრიტიკებდნენ. მათი რამოდენიმე წარმომადგენელი არც მალავდა – კითხვაზე – თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხართ? მპასუხობდნენ – „არა, ქართული ოცნებიდან“, „მე ბურჯანაძის წარმომადგენელი ვარ“ და ა.შ. მოკლედ, დღის ბოლომდე ჩამოთვლილი ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ღიად თუ ფარულად გამოხატეს საკუთარი თავი და პარტიული კუთვნილება.

წელსაც, ისევე როგორც შარშან, ორი სახის დამკვირვებლები იყვნენ – ერთნი – ძალიან აქტიურები, სულ დადიოდნენ და „სიტუაციას აკონტროლებდნენ“ და მეორენი – ძალიან მოწყენილი სახეებით თითქმის გაუნძრევლად ისხდნენ ერთ ადგილას, ძალიან იშვიათად გადაადგილდებოდნენ და საერთოდაც იფიქრებდით, რომ – იქ არ იყვნენ.

მე-17  უბნიდან 85-ე უბანზე გადავედი – სუხიშვილის უნივერსიტეტის შენობაში პროცესებს თვით სტალინი ადევნებდა თვალს. უმაღლესი სასწავლებლის ფოიეში დავით აღმაშენებლის, იაკობ გოგებაშვილის და ილია ჭავჭავაძის გვერდით სტალინის უზარმაზარი პორტრეტი კიდია. ფოტო გადავიღე და კომისიის წევრებმა სიამაყით აღნიშნეს – ჩვენი რექტორი სტალინის განსაკუთრებული მოყვარული და ქალაქში მისი ძეგლის დაბრუნების დიდი მოამაგეაო. როდესაც ჩანაწერთა წიგნი მოვითხოვე, რამდენად სწორად იყო პროცედურები, მდივანი მეუბნება – „ვერ ხედავ ზემოდან ვინ გადმომყურებს, როგორ შეიძლება წესების დარღვევაო“. ყველაფერი მართლაც წესრიგში იყო, წარმატება ვუსურვე „სტალინურ კომისიას“ და საოლქოში გადავინაცვლე. ისევე როგორც ზემოთ აღნიშნულ უბნებზე საოლქოშიც ძალიან მშვიდ სიტუაციაში ელოდნენ მოვლენების განვითარებას.

Image

Image

შემდეგ, როგორც მობილური ჯგუფის დამკვირვებელმა, სხვადასხვა უბნების შემოვლა დავიწყე, დღის განმავლობაში ოცამდე უბანი მოვიარე, როგორც ქალაქში, ისე გორის რაიონის სოფლებში, მათ შორის სადემარკაციო ხაზთან ახლოს. ვესაუბრებოდი დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, ვაკვირდებოდი გარემოს, ვამოწმებდი ჩანაწერთა წიგნს და ა.შ. ყველგან ერთმანეთის მსგავს ფაქტებს ვხვდებოდი – კომისიის წევრები კარგად არ იყვნენ გარკვეულნი პროცედურულ საკითხებში, უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევები. როგორც შარშან, წელსაც იდგნენ სიებით უბნებთან ახლოს ადამიანები და აკონტროლებდნენ ვინ მოდიოდა და ვინ არა. ერთ-ერთმა ნაცნობმა არ დამალა და ყველა კითხვაზე გულწრფელად მიპასუხა, ის და მისი ჯგუფის წევრები ქართული  ოცნების კოორდინატორები აღმოჩნდნენ და როგორც მითხრე მათ აგიტაცია ევალებოდათ. მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი, მახსოვს გასულ წელს ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მასალას ავრცელებდა.

შარშანდელისგან განსხვავებით ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან დაბალი იყო. არჩევნები საოცრად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ადგილი არ ჰქონია სერიოზულ დარღვევებს და ნებისმიერ ხარვეზზე პოზიტიურად რეაგირებდნენ.

Image

კენჭისყრის პროცედურების დასრულებამდე ისევ მშობლიურ სკოლას და მე-17 საარჩევნო უბანს მივაკითხე – 1444 ამომრჩევლიდან 500 ადამიანსაც არ ჰქონდა ხმა მიცემული. არავინ ელოდა ასეთ დაბალ აქტივობას და სიმართლე გითხრათ მე ასეთ მშვიდ გარემოს არ ველოდი. მართლა არ მეჯერა, რომ ასე სწორად და კანონიერად მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესები.

საარჩევო უბნის დახურვიდან ყუთის გახსნამდე ყველა პროცედურა კოდექსის შესაბამისად განხორციელდა, მცირე ხარვეზებზე შენიშვნების მიმართ მიმღებლობით გამოირჩეოდნენ.  ხმების დათვლაც სრული წესების დაცვით წარიმართა. აღნიშნულ უბანზე დაითვალეს სპეციალური უბნის ხმებიც. ხმები ბოლომდე არ ჰქონდათ დათვლილი, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დამირეკა მერეთიდან – მათთან უკვე ყველაფერი დასრულებული იყო და მთხოვდა წამომეყვანა მანქანით.

გორიდან მერეთისკენ მიმავალ გზაზე, იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ რამდენიმე უბნის შედეგი იქნებოდა ცნობილი, მანქანების კოლონა შეგვხვდა ქართული ოცნების დროშებითა და სიგნალებით – წინასწარ აღნიშნავდნენ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას. უკან დაბრუნებისას წამოვიყვანე სხვა დამკვირვებლებიც – ტყვიავიდან, კარალეთიდან და კარალეთის დევნილთა დასახლებიდან. ყველა მათგანი წარმოუდგენლად მშვიდ საარჩევნო დღეზე და მცირე რაოდენობის ხარვეზებზე საუბრობდა. ეს იყო ყველაზე მკვეთრი რამ რაც ბოლო ორი არჩევნების პროცედურებს ერთმანეთისგან განასხვავებდა.

წინა წლებისგან განსხვავებით ღამის 3:00 სთ-ზე საოლქო საარჩევნო კომისიას ყველა უბნის მონაცემები უკვე მიღებული ჰქონდა, არადა, ხშირად უბნიდან გათენებისას წამოვსულვარ.

იმედი მაქვს აღარასოდეს დაბრუნდება გაყალბებული არჩევნების დრო, 27 ოქტომბერს დაფიქსირებულ ხარვეზებს სერიოზულად მოეკიდება ცესკო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ ერთ, უფრო მყარ და მკვეთრ ნაბიჯს გადავდგამთ დემოკრატიისკენ.

Image

Image

Image

(ბლოგპოსტი პირველად გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ცენტრის საიტზე / http://www.humanrights.ge/)

Advertisements
This entry was posted in არჩევნები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s