მოსახლეობა ახალი პრეზიდენტის მოლოდინში

ხვალ საქართველოს მოსახლეობა 23 კანდიდატს შორის ახალ პრეზიდენტს აირჩევს. მათი დამოკიდებულება განსხვავებულია – ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნული არჩევნების შედეგბს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის კურსის ჩამოყალიბებაში, მის შემდგომ განვითარებასა და საგარეო ურთიერთობებში, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვინც არ უნდა აირჩეს პრეზიდენტად,  სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიაში მკვეთრ ცვლილებებს ვერ შეტანს. ჩვენ გორის რამდენიმე მაცხოვრებელს გავესაუბრეთ  და ვკითხეთ – იციან თუ არა ვინ არიან საპრეზიდენტო კანდიდატები, იცნობენ თუ არა მათ პროგრამებს, რის მიხედვით აპირებენ არჩევანის გაკეთებას და რა მოლოდინები აქვთ 27 ოქტომბრის შემდეგ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

Image

გიორგი, 23 წლის, სტუდენტი: „რა თქმა უნდა მივდივარ არჩევნებზე და ვიცი რომ ჩემს ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს საბოლოო შედეგისთვის, მაგრამ გვინდა ის შედეგი რაც შეიძლება დადგეს? იმის თქმა მინდა, რომ მე და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ისეთი პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, რუსეთს ძალით დაწესებულ საზღვრებს გააუქმებინებს, ადამიანებს სამსახური ექნებათ, კომუნალურ გადასახადებზე ტარიფებს დაწევს, შექმნის განათლების კარგ სისტემას, დაიცავს კერძო საკუთრებას, ციხეებში აღარ აწამებს ადამიანებს, ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას და ყველას უფლებას თანაბრად დაიცავს – განურჩევლად სქესისა, წარმომავლობისა და  სექსუალური თუ პოლიტიკური ორიენტაციისა. როგორც ერთ ქართულ ფილმშია „ასეთი ჩვენს ქალაქში მხოლოდ დიმიტრია გელოვანი“. დღეს კი პოლიტიკურ სივრცეში „დიმიტრი გელოვანები“ არ გვყვავს, სამწუხაროდ“.

ლიანა, 57 წლის, მედიცინის მუშაკი: „ძალიან მინდოდა ოდესმე საქართველოს ქალი პრეზიდენტი ჰყოლოდა. მაგრამ დღევანდელი კანდიდატები ისეთები არიან, ასეთ ქალ პრეზიდენტზე არ მიოცნებია, ამიტომ სიმართლე გითხრათ ისიც კი არ ვიცი ვისი გამარჯვება მოუტანს ქვეყანას სიკეთეს. ახლა ყველა საუბრობს იმაზე თუ „ვინ ვისი კაცია“, ერთ კანდიდატზე ამბობენ – „რუსეთუმეაო“, მეორეზე – „დასავლეთისკენ იხრებაო“, მესამეზე – ქვეყანაში რელიგიური მმართველობა უნდა დაამყაროსო, მეოთხეზე, მეხუთეზე და დანარჩენებზე, გავიგე რომ სულ 23-ნი ყოფილან, საერთოდ არაფერს ამბობენ, არც რეკლამები გვხვდება თვალში, არც სახელები და გვარები მეცნობა… ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ გადამიწყვეტია ხმა ვის უნდა მივცე, ან წავიდე თუ არა საერთოდ არჩევნებზე“.

ჟუჟუნა, 69 წლის, პედაგოგი, პენსიონერი: „მე როგორც ვიცი ახლადარჩეულ პრეზიდენტს ბევრი შესაძლებლობა არ ექნება, რაც აქამდე ჰქონდა, კონკრეტული საკითხები არ მახსოვს, მაგრამ სიუჟეტს ვუყურე ტელევიზორში და თქვეს რომ უფლებამოსილება ეზღუდებაო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, პრეზიდენტი მაინც პრეზიდენტია, ქვეყნის სახეა, ამიტომ კარგი იქნებოდა რომ ის ყოფილიყო ყველასთვის მისაბაძი, თითით საჩვენებელი კანდიდატი, მოსახლეობის უმრავლესობა რომ მასზე გააკეთებდა არჩევანს. სამწუხაროდ, ასეთი კანდიდატი მე არავინ მეგულება. მაგრამ, არჩევანი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და ჩვენი შემდგომი ქცევით საშუალება არ უნდა მივცეთ არც პრეზიდენტს და არც პარლამენტს რომ არ დაგვიჯეროს, ერთი წუთით მოსვენება არ უნდა მივცეთ (კარგი გაგებით) და ჩვენც მასთან ერთად უნდა ვაკეთოთ საქმე. ყველას უკვირს ჩემი ასეთი დამოკიდებულება, შემართება და ენთუზიაზმი, ალბათ ასაკის გამო, მაგრამ მე შვილები მყავს, შვილიშვილები, მათი მეგობრები, მომავალი თაობა, რომლებისთვისაც ჯერ ვერ შევქმენით კარგი სახელმწიფო. ამიტომ დასვენების უფლება არ გვაქვს, სანამ შემეძლება რა თქმა უნდა“.

Image

თამარი, პროფესიით ფილოლოგი, 52 წლის: „არ ვიცი სულ რამდენი კანდიდატია დარეგისტრირებული, ვიცი რომ საკმაოდ ბევრია, მათი პროგრამის დეტალებიც არ მახსენდება, არჩევანს იმის მიხედვით გავაკეთებ – ვინ ვისი გუნდის წევრია, აქამდე რა გაუკეთებია და ა.შ“.

შოთა, 26 წლის, ეკონომისტი: „არჩევნები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ამას მაინც მოყვება ცვლილება და ძალთა გადანაცვლება. გულწრფელად რომ გითხრათ, მართლა არ ვიცი რის მიხედვით უნდა გავაკეთო არჩევანი, თუ გავითვალისწინებთ საარჩევნო პროგრამებს რომელთა ნაწილს გავეცანი და ბრამოდენიმე მათგანი თითქმის იდენტურია. არა მგონია ამაზე დაყრდნობა ღირდეს, თან საქართველოში გვაქვს მწარე გამოცდილება იმისა, რომ საარჩევნო პროგრამა მხოლოდ არჩევნებამდე მუშაობს, ამიტომ ვფიქრობ არჩევანის გაკეთება პიროვნებიდან და მისი გუნდიდან გამომდინარე მომიწევს. რეალურ კანდიდატებს თუ გადავხედავთ არა მგონია შედეგმა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება გამოიწვიოს. რადგან ეს კურსი საქართველოს მოსახლეობის არჩევნაია და მას თუნდაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს, ადვილად ვერ შეცვლის. მეორე საკითხია ექნება თუ არა მას ამის რეალური ბერკეტები, ვფიქობ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად ცვლილებებს ქვეყნის შიგნით მოახდენს და იმედია ეს ცვლილებები ქვეყნისთვის სასიკეთო აღმოჩნდება“.

ალექსანდრე, 49 წლის, პროფესიით ეკონომისტი, უმუშევარი: „ბევრს შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, განათლებასა და გამოცდილებასთან ერთად მინდა რომ კარგი მეტყველება ჰქონდეს, კარგი სიტყვა-პასუხი, ხალხი იცნობდეს, საერთაშორისო საზოგადოება პატივს სცემდეს, სუფთა უნდა იყოს, მაგრამ არც ის ვარგა სულ გამოუცდელი და გულუბრყვილო აღმოჩნდეს“. 

სოლომონი, 67 წლის, პენსიონერი: „იცით რა არის? თუ თითოეული ჩვეულებრივი ოჯახისთვის არ შეიცვლება არაფერი, ბევრი ადამიანისთვის სულ ერთი იქნება ვინ იქნება პრეზიდენტი – მიშა, ბიძინა, ბურჯანაძე თუ დავითაშვილი. მე კი მგონია, რომ რომელი მათგანიც არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება – გადასახადებს არავინ შეგვიმცირებს, სოციალურ შემწეობას არავინ გაგვიზრდის, აგერ ჩემს მეზობელს პირიქით შეუჩერდა, სამუშაო ჩვენთვის არ იქნება და არაფერი… რა ვქნა, აღარავის იმედი აღარ მაქვს, როგორმე უნდა გავუძლოთ ამ ცხოვრებას, ვისაც აირჩევენ, ავიტან როგორმე“.

Advertisements
This entry was posted in არჩევნები and tagged , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s