7 წელი “ალერსიან მკვლელთან” ერთად

გაიცანით, ის მსოფლიოში 170-180 მილიონიდან, საქართველოში კი 200 000-დან ერთ-ერთია.

ყველაფერი 7 წლის წინ დაიწყო, მაშინ არც უფიქრია თუ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ამ ნიშნით ერთიანდებოდნენ, პრინციპში არც ახლა იცის ბევრი რამ საკუთარ დაავადებაზე.

2004 წელს  მეგობრებთან ერთად სისხლის ჩასაბარებლად წავიდა – უნდოდა სხვას დახმარებოდა, თუმცა სიტუაცია სხვაგვარად შემობრუნდა… სისხლის ჩაბარების ცენტრში  სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ ექიმმა მდგომარეობა გააცნო – ის დონორი ვერ გახდებოდა, რადგან მისი სისხლი ჩასაბარებლად უვარგისი იყო – მასში C ჰეპატიტის ვირუსი აღმოჩნდა და „თავს მიხედეო“ ურჩია.

მაშინ კარგად ვერც კი გააცნობიერა, რას გულისხმობადა ექიმის გაფრთხილება და რამდენად რთული იყო მისი მდგომარეობა, უბრალოდ  რჩევა გაითვალისწინა და ნარკოლოგიურს მიაკითხა…

სპეციალური დიაგნოსტირების ჩატარების ნაცვლად ექიმმა „ხელით გასინჯა“, „გარეგნულად დაათვალიერა“ და მკურნალობა დაუნიშნა, როგორც თავად ამბობს „უბრალოდ მდგომარეობის შესამსუბუქებლად“. ზუსტად არ იცის რამდენად გართულებულია მისი მდგომარეობა. მას არც მაშინ ჰქონდა და არც ახლა აქვს საჭირო თანხა გამოკვლევის ჩასატარებლად.

„ხელით გასინჯვის“ შედეგად დანიშნული მკურნალობა მხოლოდ 8 თვე გააგრძელა, ექიმის რჩევით შესაბამის დიეტასაც იცავდა, ტკივილს არც მანამდე შეუწუხებია, აქედან გამომდინარე ვერც იმას ამბობს ზუსტად, წამლები რამდენად ეფექტური იყო.  8 თვის შემდეგაც უნდოდა მკურნალობის გაგრძელება, მაგრამ საჭირო ფინანსები აღარ აღმოაჩნდა.  ასე  შეეგუა „ალერსიანი მკვლელის“ გვერდით უმოქმედოდ ცხოვრებას. ამბობს, რომ როდესაც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, ყველაზე მეტად მაშინ განიცდის ვირუსის არსებობას – „კაცმა არ იცის როდის, სად, რა ფორმით გამოიჩენს თავს“.

დღემდე ასე ცხოვრობენ. „ალერსიან მკვლელთან“ ერთად  წელიწადი და 4 თვე (ე.წ. „პლანის“ მოხმარების და შენახვის გამო) გისოსებს მიღმაც გაატარა, სადაც, როგორც იხსენებს ყველა თუ არა, უმრავლესობა მისნაირი იყო. საკუთარ თავს თავად უფრთხილდებოდნენ –  ახლობლების შეგზავნილ გვირილის ნაყენს ამზადებდნენ და დღეში სამჯერ საკვების მიღებამდე სვამდნენ –  „ღვიძლს ეშველებოდნენ“.  მის საკანში არც ერთი იყო იმ 10-18 მსჯავრდებულიდან, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ უმკურნალებდა, ამ პროგრამის შესახებ არც პატიმრებს და არც მათ ახლობლებს სმენოდათ რამე.

საუბარში იგებს, რომ ის საქართველოს მოსახლეობის 6.7%-ში შედის, სწორედ ამდენს აქვს C ჰეპატიტი,  რომ ეს საკმაოდ დიდი მონაცემია ასეთი მცირერიცხოვანი ერისთვის და დაავადების გავრცელების მხრივ საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს. აღნიშნავს, რომ ეჭვიც არ ეპარება დაავადებულთა ასეთ მაღალ პროცენტზე, რადგან უმრავლესობას ინფორმაცია არ აქვს ვირუსის შესახებ, არც მის გავრცელების გზებზე იციან ბევრი რამ და შესაბამისად არც თავდაცვაზე ზრუნავენ.

7 წლის წინ თავადაც ცოტა რამ იცოდა C ჰეპატიტის ვირუსზე – მხოლოდ სახელი და ის, რომ ღვიძლის დაავადებაა, გადაცემის გზებზე კი საერთოდ არაფერი.  მაშინ ნარკოდამოკიდებული იყო, რომ სცოდნოდა, დაავადების გადაცემის  ერთ-ერთი გზა  – ინფიცირებული სისხლის კომპონენტებით დაბინძურებული საინექციო იარაღის გამოყენება იყო –  თავდაცვას შეეცდებოდა. მას ტატუც აქვს, მაგრამ თავად ფიქრობს, რომ საერთო შპრიცის გამოყენებით მოხვდა მის სისხლში ვირუსი. მას შემდეგ, რაც მისი დაინფიცირების ამბავი გაირკვა, სხვა მეგობრებმაც გაიგეს დაავადების შესახებ და ისინიც ინფიცირებულები აღმოჩნდნენ.

Image

ახლა 7 წლის წინანდელთან შედარებით მეტი იცის C ჰეპატიტის შესახებ,  იგივეს ვერ იტყვის მის გარშემო მყოფ სხვა ადამიანებზე, ამიტომ ისურვებდა, რომ შესაბამისმა დაწესებულებებმა ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაონ, რადგან შესაძლოა, ნებიმიერი დაავადდეს – საავადმყოფოში, სტომატოლოგიურში, სალონში – დაზღვეული არავინაა…

თავის დროზე თავდაცვაზე არ უფიქრია, თორე ახლა ვირუსის გადაცემის გზებზე ასე, თუ ისე აქვს ინფორმაცია და უფრთხილდება სხვა ადამიანებს  –  მიდის მხოლოდ იმ კლინიკაში სადაც ზუსტად იცის, რომ იარაღებს შესაბამისად ასტერილებენ.

დღეს ის ჩვეულებრივად ცხოვრობს – მუშაობს პურის საცხობში, ერთობა მეგობრებთან ერთად, ცდილობს ისე იკვებოს, რომ მის „ალერსიანი მკვლელი“ არ „გააბრაზოს“. ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ ყველა, უბრალოდ მას C ჰეპატიტი აქვს და განკურნება უნდა. ყველაზე მეტად დიაგნოსტირების და მკურნალობის ხელმისაწვდომობას ისურვებდა. თვლის, რომ ისევე როგორც წამალდამოკიდებულებისთვის, ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის და აივ-ინფიცირებულებისთვის არსებობს სახელმწიფო პროგრამა, გონივრული იქნებოდა თუ მსგავსი რამ C ჰეპატიტით დაავადებულებისთვისაც იქნებოდა. იცის, რომ საბოლოოდ განკურნება შესაძლებელია, მაგრამ ძვირია (თუმცა თუ 22 ათას ლარამდე ჯდებოდა, არც წარმოედგინა) და საკუთარი სახსრებით ვერასოდეს მოახერხებს. მიაჩნია, რომ სახელმწიფომ რამენაირად უნდა იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, მათ უფლებებზე, რადგან დიდი შანსია, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფორმაციის არ არსებობის გამო ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდოს. დაავადების პრევენიცა ყველაზე მეტად სწორი ინფორმირებულობით იქნება შესაძლებელი, ამით სტიგმასაც ავიცილებთ თავიდან, რომელიც ინფიცირებულთა მიმართ არსებობს.  საჭიროა ადამიანებმა იცოდნენ, რომ C ჰეპატიტი საყოფაცხოვრებო კონტაქტით არ გადადის, არც სასიკვდილო ვირუსი არაა და მისი განკურნება შესაძლებელია – უბრალოდ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური სტრატეგიის შემუშავება, ვიდრე დაავადება ეპიდემიად იქცევა. შესაძლოა ორასი ათას მეერთე ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს.

Image

პ.ს. ეს ჩემ მიერ 2011 წელს დაწერილი სტატია, რომელმაც კონკურსში პირველი ადგილი დაიმსახურა, მისმა ავტორმა კი – დიპლომი და ფულადი პრიზი ^^ 

აივ ინფექციის და შიდსის პრევენციის ტრენინგზე ვარ და ამიტომ გამახსენდა. იყოს აქაც, რეალური ამბავი და საინტერესო ისტორიაა ჩემი აზრით . 

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s