შაბათ-კვირა ბუდაპეშტში და ყველაფერი ის, რაც დამამახსოვრდა

მოგეხსენებათ, ან ახლა მოგახსენებთ რომ მარტის ბოლო შაბათ-კვირა ბუდაპეშტში გავატარე. (აბა რა, ყველაფერი ისე კარგადაა რომ დასვენების დღეებს ევროპაში ვატარებ :დ )

სანამ ჩამოვთვლი რა იყო განსაკუთრებული, მინდ ვთქვა რომ ძირითადად ყველაფერი „გარედან“ დავათვალიერეთ. აღდგომის შაბათ-კვირის გამო ყველაფერი (ტერორის მუზეუმის და პარლამენტის გარდა) დაკეტილი დაგვხვდა. თვით ცენტრალური ბაზარიც კი. სამაგიეროდ ფეხით მოვიარეთ მთელი ბუდაპეშტი მგონი :დ დეტალებზე ქვემოთ.

პირველი წითელი ტერორის მუზეუმი იყო სადაც შევაღწიეთ. ვფიქრობ ეს ყველაზე მაგარი მუზეუმია, რომელიც რეჟიმის ბოროტებას ასახავს. ძალიან რეალურად, ისე თითქოს შენც მისი მონაწილე ხარ. ახლაც მზარავს, იმ ემოციის გახსენებისას. მთელი ის პერიოდი ყელში რაღაც მებჯინებოდა, იმის წარმოდგენით, თუ რა გადაიტანეს რეჟიმის მსხვერპლმა ადამიანებმა. ძალიან ბევრი დარბაზია – ზოგან „ხალხის მტრებს“ ასამართლებენ, ზოგან დასმენებზე გამცნობენ, გვერდით დარბაზიდან მაშინდელი მუსიკის ხმა ისმის, ზოგან ისეთი სიბნელე და ხმაურია, ერთი სული გაქვს გააღწიო, საიდანაც ხვდები საკნებში, სადაც ადამიანებს წლობით, მათ გარდაცვალებამდე ამწყვდევდნენ, აშიმშილებდნენ, სინესტესა და სიბნელეში. ვნახეთ ოთახი, სადაც ონკანის წვეთი ხმაურით აწამებდნენ ადამიანებს. წარმოუდგენელია ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ კიდევ სენტიმენტალური განწყობა შეგრჩეს კომუნისტური რეჟიმის „სოციალური სიკეთეების“ მიმართ. ჰოდა, ნუ, მოკლედ… გამგები გაიგებს.

მეორე მძიმე და ემოციურად ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა ებრაელთა ფეხსაცმელების მემორიალი იყო. დუნაის ნაპირზე, პეშტის მხარეს, ასე 50-60 რკინის ფეხსაცმელია განთავსებული, ქალების, კაცების, ბავშვების… მემორიალის დაფა გვამცნობს რომ ეძღვნება ებრაელების ხსოვნას, რომელიც 1944-45 წლების მსხვერპლი გახდნენ. (ამაზე მეტ ინფორმაციას აუცილებლად ვნახავ, „სირცხვილი ჩემი“, აქამდე რომ არ ვიცოდი). დავდიოდით ფეხსაცმელების გვერდით და ვფიქრობდი – ჩვენ უბრალოდ ერთ-ერთი „ღირსშესანიშნაობის“ სანახავად მოვედით, რომელზეც გაკვრით ვიცოდით რაღაც და რამდენი ადამიანისთვის ეს არის ალბათ წმინდათაწმინდა ადგილი. სადაც მათი წინაპრების ხსოვნისთვის ასეთი შთამბეჭდავი ფორმა მოუფიქრებია ვიღაცას. ამ თემაზე მაკას ელაპარაკებოდი, როცა ჩვენთან ახლოს ახალგაზრდა კაცი მოვიდა ოჯახით, ჩამოსხდნენ ფეხსაცმელებთან ახლოს და ატირდნენ. იმ კადრებს რომ ვიხსენებ, ახლაც მეტირება და გული მეწურება.

სასიამოვნო ემოციებიც ბევრი მქონდა, ჰოდა, რამდენიმე წინადადებით მინდა მოვყვე იქაური ამბების და აღმოჩენების შესახებ, რატოც მომეწონა ბუდაპეშტი, ზემოთხსენებულის გარდა რაც დამამხსოვრდა და რასაც ყველას გავუზიარებდი.

1. ლამაზი, ულამაზესი და უგრანდიოზულესი არქიტექტურა აქვთ. თუკი რამ სტილი გამიგია და მეცნობა – ყველაფერი შემხვდა – გოტიკური, რომანული, თურქული, ბაროკო და ა.შ. და ბევრი კიდევ ისეთი, რომელიც არცერთს უბრალოდ მომეწონა და ალბათ კიდევ უფრო ცნობილი და მაგარია „თემის ექსპერტებისთვის“ ))

2. ხიდები. ზოგადად ძალიან მიყვარს ხიდები, შეიძლება ითქვას ფილოსოფიურად ვუდგები მის მნიშვნელობას )) ჰოდა, ბუდაპეშტი რატოც მომეწონა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, არსებული 8 ხიდიდან (სადღაც მაქვს წაკითხული რომ 8 ხიდი აქვთ), 4 გადავიარ-გადმოვიარეთ ^_^ მეტიც შეიძლებოდა, თუმცა დრო არ გვეყო.

3. ხედები. არასოდეს დამავიწყდება შთაბეჭდილება ბუდას ციხესიმაგრიდან ბუდაპეშტის ხედი. მდინარე დუნაი, მასზე გადებული ულამაზესი ხიდები და ზემოთხსენებული არქიტექტურული სტილის შენობები. მასეთი ლამაზი სივრცე არ მინახავს.


4. ქალები არაჩვეულებრივად ლამაზი ტანით. მართლა. ყველას, ნუ ძალიან დიდ უმრავლესობას ჰქონდა ძალიან ლამაზი, თითქმის უნაკლო ფორმები. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ მათი უმრავლესობა ვარჯიშობდა. ჩვენ რომ დავდიოდით, ეგენი დარბოდნენ, სანამ ჩვენ ერთ ქუჩას/ხიდს გადავივლიდით, ისინი მესამე წრეზე გვხვდებოდნენ :დ.

5. გემრიელი სამზარეულო. ნუ, რაც გავსინჯე. გუ’ლ’იაში არ გამისინჯავს, შემდეგისთვის მოვიტოვებ.

6. კარგი მომსახურება და მიმტანი რესტორანში, რომელმაც კალაძის ცოდნით დაგვიდასტურა რომ მიხვდა რომელი ჯორჯიადან ვიყავით .

7. ცოტა ინგლისური წარწერები ქუჩაში, ტურისტულ ადგილებზეც კი.

8. მოწესრიგებული საგზაო მონიშვნები და მაღალი თვითშეგნების მქონე მძღოლები.

9. ბევრი ბომჟი ქუჩაში, ხიდების ძირში, მეტროს ჩასასვლელებში… მთელი საცხოვრებელი კომპლექსები აქვთ მოწყობილი. როგორც ჩანს ეს ბუდაპეშტის მთავრობას და სოციალურ სამსახურს არ ადარდებს.
20160326_210838
10. დაბინძურებული, უსუფთაო ქუჩები, რაც ძალიან გამიკვირდა, რიავიცი.

11. დააა პარლამენტი! ეს ცალკე აღნიშვნის ღირსია, ყველაზე ლამაზი, გრანდიოზული შენობა ალბათ მთელ უნგრეთში (ნუ ბუდაპეშტში – უდაოდ). აქ ძალიან გავბრაზდი, როცა ვნახე რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს ორმაგი ფასი უნდა გადაგვეხადა დათვალიერებისას. გადავწყვიტე საერთოდ არ მენახა. მაგრამ მეორე დღეს, როცა აღმოჩნდა რომ აღდგომის დღესასწაულების გამო ყველა მუზეუმი დაკეტილი იყო, ფული მრჩებოდა და კაი – ვნახავ მეთქი. რა ტქმა უნდა იმედი გამიცრუვდა, მოოქროვილი თაღების გარდა არაფერი იყო საინტერესო და დასამახსოვრებელი. ნუ, გიდიც, რომელიც ნახევარზე მეტს ხუმრობდა თავის უნგრულ აქცენტზე და პარლამენტის შიდა სიტუაციებზე. მოკლედ, რატო დავხარჯე 20 ევრო, არ ვიცი! ))


ნუ, მგონი სულ ესა, ვინც ბოლომდე წაიკითხეთ ჯერ ლაიქ, მერე კიდე წადით და დაგეგმეთ ტური ბუდაპეშტში, მაქსიმუმ 300 ევროდ, მაგაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ. და ეცადეთ სამუშაო დღეები იყოს და არც ერთ დიდ დღესასწაულს არ ემთხვეოდეს. თუ იაფად ნახეთ ბილეთი, მეც მითხარით, უამრავი რამ დამრჩა სანახავი, ვფქირობ მულტივიზის პირობებში კიდევ ერთ შანსს ხელიდან არ გავუშვებ.

 

Posted in მოგზაურობა | Tagged , , | დატოვე კომენტარი

Hola de Barcelona

უკვე იცით რომ არაჩვეულებრივი ახალი წელი მქონდა – ბარსელონაში გავატარე მთელი 9 დღე! მაგარია! წლების მანძილზე ოცნების ქალაქი რომ იყო და ახლა რეალურ, თითქოს “მშობლიურ” ქალაქად იქცა. ქალაქად სადაც იცი რომ უნდა დაბრუნდე და იცხოვრო.

ძალიან უნდა მოინდომო რომ ეს ქალაქი არ შეგიყვარდეს და არ აღფრთოვანდე მისით. განსაკუთრებით კი, აუცილებლად დაგამახსოვრდება:

აქრიტექტურა და შენობები.

უბრალოდ დაგუგლეთ, ნახეთ გაუდის შენობები, მისი დაპროექტებული მუზეუმები და საგამოფენო დარბაზები, საცხოვრებელი სახლები. აი, ყოჩაღ მაგას რა! საერთოდ, არქიტექტორებში ვერ ვერკვევი, არ ვიცი ვინ იყვნენ ყველაზე მაგრები, მაგრამ გაუდი აუცილებლად იქნება საუკეთესო ათეულში მაინც. (ამას მეც დავგუგლავ და ვნახავ)

 

ქუჩები.

ზოგადად სივრცე მიყვარს, მაგრამ ხელის გაწვდენაზე მდგარ შენობებს სხვა ხიბლი აქვთ ლამაზი ვიწრო ქუჩებია, ჩაწიკწიკებული მაღაზიებით, კრეატიულად მოწყობილი სარეკლამო ფასადებით და ღია კაფეებით. დადიხარ და სული არ გეხუთება. სასიამოვნო ქუჩებია, რომელსაც აუცილებლად გაყავხარ დიიდ სივრცეში.

ფერები.

სულ ვამბობდი, პეტიცია უნდა შევიმუშავო და მოვითხოვო ოფიციალურად დაკანონდეს არტი და ფერები საქართველოს ქუჩებში-მეთქი. ბარსელონამ კიდევ უფრო სტიმული მომცა. აქ ბუნებრივად მასეა – ყველა მაღაზიის კარზე, რკინის ჟალუზებზე, ხიდების ბურჯებზე, ნანგრევ შენობებზე, ყველგან სადაც კი თავისუფალი ადგილია – ნახატებია. მართლა ძალიან მარტივი და ლამაზია

_DSC0108

კამპნოუ და საგრადა ფამილია.

ეს ორი ობიექტი / შენობა / სტადიონი / ტაძარი თუ საოცრება, არის მართლა ნამდვილი საოცრება. მეტროდან ამოხვალ თუ არა – მობრუნდები და აღფრთოვანებისგან შეიძლება იყვირო – იქვე, შენს თვალწინ დგას სასწაული, უზარმაზარი, გრანდიოზული, არაჩვეულებრივი და დაუჯერებელი არქიტექტურით. არ ვაჭარბებ, გეფიცებით 🙂  რაც შეეხება კამპნოუს – ბოლო საფეხური რომ ავიარე და სტადიონს გადავხედე, გულწრფელად მეგონა რომ ვერ გავუძლებდი ემოციას. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობთ თავს, როცა დიდი ხნის ოცნება აგიხდებათ, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი? კიდევ რამდენიმე მსგავსი გეგმა / ოცნება მაქვს, ეს რეპეტიციის გავლა იყო 🙂 

ადამიანები.

ადამიანები მაღაზიებში, მეტროში, ბაზარში, ქუჩაში. თბილები და ღიმილიანები. მოსალმება რომ უხარიათ. ან არ უხარიათ, არ ვიცი, მაგრამ არ ეტყობათ თუ არ უხარიათ, პირიქით. ადამიანები მეტროს გადასასვლელებში და პარკებში, რომლებიც უბრალოდ თანხას კი არ გთხოვენ, თავისთვის ერთობიან, უკრავენ, მღერიან, ქვიშისგან ნაგებობებს აკეთებენ, კოლუმბობანას გეთამაშებიან, საჰაერო ბუშტებს უშვებენ, იოგით კავდებიან, ხატავენ, გახალისებენ და შენი ნებაა – თუ გინდა გადაიხადე ამ ყველაფრისთვის საფასური.

ზღვა და სანაპირო.

როდისმე ზაფხულში რომ დავბრუნდები ამაზე მერე დავწერ ვრცლად. თუმცა ადაპტირებული პლაჟი ცალკე აღნიშვნის ღირსია, გრძეელი პანდუსი, რომელსაც ზღვამდე და ასევე ადაპტირებულ ტრენაჟორებამდე მიყავხარ.

კიდევ რა ვნახე ბარსელონაში? – მუზეუმეეები, ტაძრები, მთები („რა გააკეთეს ნაციონალებმა“- აქცენტით). ამ ალბომში ყველაფერია, რაზეც ზემოთ ვისაუბრე ეგენიც და კიდევ უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ფოტოა, ვიცი რომ დაგეზარებათ ბოლომდე გასვლა, თუ რომელიმე კონკრეტული თემა დაგაინტერესებთ – შემეკითხეთ, გიპასუხებთ.


ჰო, კიდევ დაუვიწყარი იყო აკვარიუმი და ახალი წლის ღამის ფეიერვერკი 

 

Posted in Uncategorized | 2 Comments

სტალინიზმი და 1:45 წამი მაესტროზე, ანუ რაც ერთ წუთში ვერ ჩავატიე

როცა რუბრიკას ჰქვია “1 წუთი მაესტროზე”, ნება უნდა იბოძო და სათქმელი ერთ წუთში ჩაატიო, მაგრამ როგორ გინდა ეს თემა შესავლების და სტატისტიკების გარეშე დაასაბუთო?

ხვალ რომ ყოფილიყო ჩაწერა, სულ სხვანაირად ვისაუბრებდი, რადგან დღეს არაჩვეულებრივი ტექნიკები ვისწავლე თუ როგორ ჩამოვაყალიბო მესიჯი 25- 30 წამში. მე კი მთელი 1 წუთი მექნებოდა.
მაგრამ მოსახდენი მოხდა. ვიდეო
 წინა კვირაში ჩაიწერა და ჩემი თითქმის ორწუთიანი სიტყვა რამდენდაც შეეძლოთ “ჩატიეს” ერთი წუთის ფორმატში.
შესაბამისად, ტექსტის ძირითადი ნაწილი შეიკუმშა, დასკვნა და ძალიან მნიშვნელოვანი თემა კი საერთოდ მოეკვეცა.

ვიცი რომ ჩემი ბრალია, თავს არ ვიმართლებ, უბრალოდ, ვდებ სრულ ტექსტს იმის შესახებ, თუ რატომ ვარ სტალინის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი. 

სამწუხაროა მაგრამ დღეს, 21-ე საუკუნეში, როცა ადამიანთა უმრავლესობა თანხმდება დემოკრატიის და ჰუმანიზმის პრინციპებზე, როცა ვიცით, ან წესით უნდა ვიცოდეთ, რომ განათლებისა, კანონის უზენაესობა და თანასწორობის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენი ყველა ძალისხმევა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების განმტკიცებისკენ უნდა იყოს მიმართული, მე სტალინიზმზე საუბარი მიწევს.

სამწუხაროა, რომ შეხსენება გვჭირდება, თუ ვინ იყო სტალინი – გენიოსი პოლიტიკოსი თუ დიქტატორი, როგორ შეიწირა მისმა რეჟიმმა ყველასთვის საყვარელი მწერლები და პოეტები,  მოღალატეობის ბრალდებით დახვრიტა ან გადაასახლა მილიონობით ადამიანი. შეხსენება გვჭირდება როგორ განახორციელა  მისმა რეჟიმმა „გოლოდომორი“ – შიმშილით გაწყვიტა ორ მილიონზე მეტი კაზაკი და უკრაინელი და მოაწყო ტრაგედია კატინის ტყეში – ერთიანად დახვრიტა 20 ათასზე მეტი პოლონელი.

ახლა ამ თემების განხილვისთვის დრო არ მეყოფა და თანაც, არ მეგულება წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი, რომელსაც ხელი არ მიუწვდებოდეს უფრო მეტ ინფორმაციაზე, ეს მხოლოდ შესავლისთვის მაგალითებად მოვიყვანე, იმის სათქმელად, თუ რატომ ვარ სტალინის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი. 

ხშირად მეკითხებიან, მათ შორის ღირებულებებით „ჩემს მხარეს“ მყოფი ადამიანები – რას გადაეკიდე ამ ძეგლს, რას დაგიშავებს, რომ დადგან მუზეუმთან ახლოსო. რა თქმა უნდა თავად ძეგლი, ანუ ბრინჯაოს ქმნილება – არაფერს, თუმცა ჩემი აზრით საზოგადოებისთვისაა საშიში ისეთი მოსაზრებები და ქმედებები, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის შემოქმედს გენიოსად, საამაყო ისტორიულ ფიგურად, ან თუნდაც საუკეთესო ქართველად აღიარებს და მისი თაყვანისცემისკენ მოუწოდებს ყველას.

ვფიქრობ სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებსაც  მკვეთრი პოზიცია არ აქვთ – თუ ვინ იყო სტალინი – დიქტატორი თუ გენიოსი ბელადი; ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის არჩევანი დემოკრატიაა,  აქ კი დიქტატორი ბელადების ადგილი ნამდვილად არ არის.

ვფიქრობ, არათუ ძეგლის დაბრუნება-არდაბრუნებაზე, არამედ ახლა საუბარი სტალინის მუზეუმის კონცეფციის შეცვლაზე უნდა მიმდინარეობდეს. მუზეუმის, სადაც დღეს ყველა მოსაზრება ცალმხრივია, სადაც მხოლოდ მის განუმეორებელ შესაძლებლობებზე, მუშათა კლასის მიმართ  განსაკუთრებულ  დამოკიდებულებასა, თუ მზრუნველობაზე გვიყვებიან. საჭიროა მეტი ინფორმაციის გავრცელება საბჭოთა რეჟიმის და სტალინიზმის მსხვერპლთა შესახებ.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

კიდევ ერთი წვეთი მათთვის, ვისაც ყელში ამოუვიდა ჩვენი გლოვა ომში დაკარგულებზე

2008 წლის შემდეგ აგვისტოს ჩემთვის სხვა ფერი და სუნი აქვს, სხვანაირი მოგონებებით არის გაჟღენთილი, თვალწინ ყველაზე ხშირად ომის და დაკარგული სოფლის კადრები მიტრიალებს და სიზმრებსაც კი იმდროინდელს ვნახულობ.

რამდენიმე დღის წინ 2008 წლის აგვისტოს თემაზე ბლოგის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ სათქმელს თავი ვერ მოვაბი. განა იმიტომ, რომ ცოტაა დასაწერი, უბრალოდ, იმდენად ინტიმურია იმ დროის მოგონებები, არ იცი როგორ თქვა ისე, რომ სხვამ გადამეტებულ სენტიმენტალიზმში, პატეთიკაში, ან ჩემი ერთ-ერთი ფისბუქ-მეგობრის არ იყოს – ნეკროფილიაში არ ჩაგითვალოს.

ამ უკანასკნელზე არც არასდროს მიფიქრია – რომ ომში დაღუპულთა მიმართ პატივისცემას ვინმე ნეკროფილიად ჩათვლიდა, არც უნდა დამეწერა, მაგრამ დღეს მთელი დღე მის სტატუსზე და ქვეშ დაწერილ კომენტარებზე მეფიქრება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს შეიძლება ტელევიზორშიც არ უნახავთ ეს ომი, თორემ რატომ უნდა წერდნენ ასე გულგრილად? ვერ ვიჯერებ, რომ მათთვის სულ ერთია – ვინ რა დაკარგა, რამდენი ადამიანი დაიღუპა, ვინ რა გმირობა ჩაიდინა და ნეკროფილიას უწოდებენ იმას, რასაც ჩემი სიტყვებით ომში დაღუპულთა მიმართ პატივის მიგება ჰქვია. “ვირტუალური გოდება” არაა ერთადერთი და საუკეთესო გამოხატულება, მაგრამ ვისაც როგორ შეუძლია ისე გამოხატავს, ზოგი ყაყაჩოს დაყენებით, ზოგი იმ დროს დაღუპული ადამიანის ფოტოს გაზიარებით, ზოგი საკუთარ სოფელზე პოსტით და ა.შ.

ეს სტატუსები “ბოლო წვეთი” იყო. სხვა დროსაც ხშირად გამიგია / წამიკითხავს იმის შესახებ – რით ვერ მოვრჩით ამაზე საუბარს / წერას… რატომ არის ჩვენი გლოვა “გაუთავებელი”? იმიტომ რომ არ გაგვნელებია ტკივილი და მონატრება. (რაოდენ სენტიმენტალურად, პატეთიკურად და ბანალურადაც არ უნადა ჟღერდეს).

ავნევი (სოფელი სადაც „გავიზარდე“ და ყველა ტკბილი მოგონება მასთან არის დაკავშირებული )7 აგვისტოს დავტოვე, გორი – 8-ში. 23 აგვისტომდე თბილისში ვიყავით. ჩვენ დეიდასთან ვცხოვრობდით, ჩვენი მეგობრები ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, გლდანში. მათ სანახავად ყოველდღე დავდიოდით. სკოლასთან ახლოს მცხოვრები ხალხი, ძირითადად ასაკიანები, ძალიან კარგად ექცეოდნენ დევნილებს, სახლიდან საკვები მოჰქონდათ, ტანსაცმელს საკუთარ სახლებში არეცხინებდნენ და ა.შ. მათი გულისხმიერება არასოდეს დამავიწყდება, სახეებიც კი მახსოვს მათი, ერთ დღეს დიდი ქვაბებით საჭმელები რომ მოზიდეს.

მაგრამ, ასევე არასოდეს დამავიწყდება ახმეტელის მეტროსთან, კიბეებზე, ჩემს უკან რამდენიმე ახალგაზრდის საუბარი – „დროზე გავიდნენ რა რუსები გორიდან, იქნებ ცოტა დაიცალოს ქალაქი, ამოვიდა ყელში ამდენი სოფლელის ყურებაო. მეც მაგას არ ვამბობ? ამ დროს არასოდეს ყოფილა მეტროში ამდენი ხალხი, რა უბედურებაა, სკამზე ვერ დავჯექიო“. შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის მათი თვალით დანახული ომი და რუსების მიერ მოტანილი ერთადერთი პრობლემა – „სოფლელებით“ სავსე ქალაქი და მეტროში მათ მიერ დაკავებული სკამები“. ახლაც ძალიან ვბრაზდები ჩუმად რომ ავიტანე ჩემს ზურგსუკან ეს საუბარი.

მაგრამ მაშინ ამ უჭკუო ადამიანებისთვის ვის ეცალა. ეს ის დღე იყო როცა ჩვენს ავნეველ მეგობარს ვესაუბრე და გვითხრა რომ ავნევში თითქმის ყველა სახლი უკვე გადამწვარი იყო და ალბათ იქ ვეღარასოდეს დავბრუნდებოდით. ეს იყო ყველაზე მძიმე დღე მთელ იმ პერიოდში. თუმცა, რა თქმა უნდა კიდევ უფრო დიდია იმ ადამიანების ტკივილი, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს ომში და საშინელებაა, როცა მათ გახსენებას და მათზე გლოვას (რა დროც არ უნდა გავიდეს და როგორი დიდი დოზითაც არ უნდა იყოს) ვიღაც ნეკროფილიას უწოდებს. 😦

მესმის, რომ ვიღაცები შესაძლოა დაიღალნენ ჩვენი გაუთავებელი გლოვით, ჩვენი სოფლებისადმი გაუთავებელი მონატრებით, მაგრამ თუ ერთი წუთით მაინც დაფიქრდებიან თითონ რას იგრძნობდნენ მსგავს სიტუაციაში და თუ მაინც ვერ მიხვდებიან ჩვენს განწყობას, მაშინ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ „ცივი გონება“ და „მოვლენების ობიექტურად განსჯის უნარი“.

ჩვენ, „აგვისტოს ომიდან გამოსულებმა“ 6 წლის წინ დავტოვეთ ჩვენი საყვარელი ადგილები იმ იმედით, რომ უკან მალევე დავბრუნდებოდით, მაგრამ ეს „მალე“ 6 წელია არ დადგა და ჯერ კიდევ არ ვიცით როდის შეიძლება დადგეს. “სამწუხაროდ” კიდევ დიდხანს მოგიწევთ ჩვენი გლოვის ატანა ომში დაკარგულთა მიმართ.

ნუ, მოკლედ, კიდევ ბევრია სათქმელი და დასაწერი, მაგრამ…

Posted in Uncategorized | Tagged , , | 11 Comments

მე, სსრკ ნაკრები, ბორის პაიჭაძე, პელე და ნილტონ სანტოსი ))

სანამ ბრაზილია-ხორვატიის მატჩის მეორე ტაიმი მიმდინარეობს, პარალელურად ჩემი ბავშვობის საფეხბურთო ისტორიებზე მეფიქრება 🙂

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მახსოვს, 1994 წელს იყო, სოფელში ბიძაჩემმა კარტი გვიყიდა ფეხბურთელების გამოსახულებით, ზუსტად ვერ ვიხსენებ თამაშები როგორ მიმდინარეობდა, მაგრამ, თუ სწორად მახსოვს ფინალში (ან ნახევარფინალში) ბრაზილია-იტალია თამაშობდა, მამა ბრაზილიას გულშემატკივრობდა, ბიძა იტალიას, მაშინ იტალიამ გაიმარჯვა, გულშემატკივრებს გეცოდინებათ ზუსტად რომელ თამაშზე ვწერ.

მახსოვს, როგორ ვისხედით-ხოლმე სოფლის ერთ პატარა ოთახში, იმ ოთახისთვის საკმაოდ მოზრდილ ტელევიზორთან და გაფაციცებით ვადევნებდით თვალს თამაშებს. ტელევიზორი „ივერია“ იყო მგონი, ღილაკებით რომ უნდა გადაგერთო,  ექვსი ღილაკი ჰქონდა სულ, იმ დროისთვის ფერად ტელევიზორად ითვლებოდა და ამ სიფერადეს, გამორთვის დროს ეკრანის შუაგულში მბრუნავი ფერადი „ბურთი“ გვახსენებდა მხოლოდ – აი, რაღაც რომ ბრუნავდა და ნელ-ნელა პატარავდებოდა – მაგას ვგულისხმობ. ეს „ბედნიერება“ მხოლოდ საბჭოთა პერიოდში დაბადებულ ბავშვებს ექნებათ გამოცდილი. 

ჰოდა, აესე, ვისხედით ამ ტელევიზორთან მე, ჩემი და და ჩემი ბიძაშვილები და  ბოლო ხმაზე ვყვიროდით რობერტო ბაჯოს. ))

მაგრამ, ყველაზე მთავარი, რატოც მიყვარს, სულ მახსოვს და “ვგრძნობ” ფეხბურთს, არის ის, რომ მამამ, 4 -5 წლის ასაკში, სწორედ ფეხბურთის წიგნიდან მასწავლა კითხვა. (მართლა ამ ასაკში ვკითხულობდი ქართულად, 5 წლისამ უკვე რუსულის სწავლა დავიწყეთ, მაგრამ უფრო ნელი პროგრესიით მივიწევდი წინ, თავიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდების სახელები ავითვისე – Орск, Электа, Рекорд და ა.შ. მერე სპორტლოტოზე გადავედით :დ)

ეგ სხვა თემაა, დავუბრუნდეთ ფეხბურთს

სსრკ ფეხბურთელთა ნაკრები

პელე და ნილტონ სანტოსი

ბორის პაიჭაძე

Image

ეს არის 1975 წელს გამოშვებული წიგნები, რომელიც დღესაც გვაქვს და თითქმის ზეპირად ვიცოდი პირველი გვერდები. 🙂

აი, მთვრალი მამები რომ თავიანთ ბიჭებს თხოვენ სუფრასთან „აჩვენე ბიძიებს პასპორტიო“, დაახლოებით მასე მთხოვდა წამეკითხა წინადადებები ამ წიგნებიდან. 🙂 

სიმართლე გითხრათ წიგნების შინაარსი არ მახსოვს, ახლა უნდა გადავიკითხო და გავიხსენო მათი მიღწევები 🙂

ნუ, მერე იყო მომდევნოო ვეროპა და მსოფლიო ჩემპიონატები, სხვადასხვა ნაკრებების და ფეხბურთელების აღმოჩენა, პირადი გრძნობები ბატისტუტას, ზიდანის, ოუენის მიმართ, კლასელებთან პოსტერების გაცვლა და ა.შ. ახლა ვერ ვიპოვე ის ბლოკნოტი, მაგრამ ერთ წელს, საფეხბურთო დღიურებსაც კი ვაწარმოებდი, თავისი ჯგუფებით, ქულებით, მატჩების აღწერებით და ა.შ. მაშინ კი ვბრაზდებოდი სხვები რომ დამცინოდნენ, მაგრამ ახლა მეც ძალიან მეცინება ამ ყველაფერზე. 

კიდევ მაქვს რაღაც ისტორიები მოსაყოლი, მაგრამ პოსტი გამიგრძელდება, ამიტომ ახლა ამას გამოვაქვეყნებ, მერე 4 წლის წინანდელ პროფილის ფოტოს ქავერზე გადავიტან და ხვალინდელ თამაშს დაველოდები ^_^

visca españa

Image

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , | 3 Comments

კი, დღეს იუბილარი ვიყავი :)

როგორც არ უნდა ვეცადოთ რეალობას ვერ დავემალებით. ციკლიდან „ბანალური სიბრძნეები“.

დღეს დაბადების დღე მაქვს. 

ყველაფერი „გავაკეთე“ იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ისეთივე, როგორც გასული 28 დაბადების დღე. 28 თუ არა 15 მაინც.

კი. ბოლო 15 წელია მახსოვს თითქმის ყველა ჩემი დაბადების დღე, მთელი თავისი „დიდებულებით“, ტორტებით, განსხვავებული აღნიშვნებით, სასიამოვნო ემოციებით, ბავშვობის და ახალი მეგობრებით, თავგადასავლებით და ა.შ.  დღეს კი, სპეციალურად დავგეგმე 3 საქმიანი შეხვედრა, უარი ვთქვი მეგობრების მიერ შემოთავაზებულ იდეებზე, მშობლების მონდომებაზე – რომ აღმენიშნა „რამენაირად მაინც“, უარი ვთქვი იმ გეგმაზეც, რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა განმეხორციელებინა …  არა, ვერ დავუკარგავ, ამ ყველაფერში მანამდე სხვა ადამიანებმაც / გარემოებებმაც შესანიშნავად შემიწყეს ხელი –  ანუ, ზოგადად არ მაქვს სადღესასწაულო განწყობა, რატომ? იმიტომ. გრძელი ამბავია…

მეძინა 12 სთ-მდე, მანამდე ყოველ რამდენიმე წუთში ქალაქის და მობილური ტელეფონები, ფეისბუქის პოსტები მახსენებდა რომ ჩემი დაბადების დღე იყო, ნუ, მადლობას ვუხდიდი, ვპასუხობდი მშრალად და „ვაგრძელებდი ძილს“ .  მაპატიეთ ვისაც ასე გესაუბრეთ… 

სხვა გზა არ იყო – უნდა „გამღვიძებოდა“ – მეორე საჯარო სკოლაში შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი ახალგაზრდულ კლუბთან. ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ, სწორედ დღეს დავიგვიანე… იქ კი თურმე მთელი სამზადისი ჰქონიათ, როგორ მოელოცათ დაბადების დღე. საყვარლები ❤ მართლა ძალიან მოულოდნელი იყო ამდენი პოზიტიური ადამიანი ერთად, ტორტით, ბუშტებით, ღიმილით და სიმღერით ❤ ბოდიში პოზიტივმეიკერებო, რომ ამდენი გალოდინეთ… მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ ❤

Image

ImageImageImageImageImageImageImageImageImage

მერე კიდევ იყო სხვა “საქმეები“. (აქ უნდა იყოს შეხვედრების ფოტოები :დ)

დღის ბოლოს ლუდის დასალვეად შევედით პაბში, ვინ სვამს დაბადების დღეზე ლუდს? მე, ჩემი და იკი და ჩემი მეგობარი ნანიკო. და კი, რეალობას ვერსად დაემალები – ესეც  ექსპრომტად პაბში  მიღებული საჩუქრები.IMAG3383

ImageImageImage

Image

 

ეს კი სიმბოლურად, ჩემი მეგობრის ნაჩუქარი ორლარნახევარი, იმ მეგობრის, რომელმაც ცოტა ხნის წინ 200 ლარი მაჩუქა 🙂

Image

კიდევ რა ვთქვა ….

ჰო, ბოლოს როდის ავიტუშე წამწამები, არ მახსოვს, თუმცა დღეს დილით გამოსვლისას „არ დამვიწყებია“ და წეღან სახლში რომ შემოვედი მივხვდი – რამდენჯერმე მორეული ცრემლების გამო მთელი დღე ჩათხაპნილი თვალებით მივლია. ეგეც რეალობაა და როგორც არ უნდა ვეცადოთ  ვერ გავექცევით – დღეს ჩემი დაბადების დღეა, 29 წლის გავხდი, ცრემლები ერთნაირად მოდის წყენაზეც და სიხარულზეც.

რეალობაა, რომ ზოგს არ ვუყვარვარ, ზოგი თავს მაჩვენებს რომ ვუყვარვარ, ზოგს მართლა ვუყვარვარ, მაგრამ უფრო მეტი და ძალიან ბევრად მეტი კეთილდანწყობილია ჩემ მიმართ, ამის თქმის საშუალებას ასეულობით დღევანდელი პოსტი, ათეულობით SMS და პირადი მოლოცვა  მაძლევს.

მადლობა ყველას, ვეცდები გავამართლო თქვენი სურვილები, ვიყო / დავრჩე ისეთად, როგორიც ვარ, ვიყო ფერადი / პოზიტიური / ინდივიდუალური / აქტიური / საყვარელი / წითელი / ყვითელი /  და ა.შ. სინამდვილეში მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, მაგრამ ხანდახან ჩემნაირ ადამიანებსაც ემართებათ დეპრესია.

ნუ დამამშვიდებთ, ვიცი რომ ოდესმე გაივლის ❤ 

Posted in წერას ატანილი პოსტები | Tagged , , | 4 Comments

ჩემი ემოციური 2013

არა, მართლა ემოციური წელი იყო,  რა აღარ მოხდა – პირადით დაწყებული – სამსახურებრივით დამთავრებული. რა თქმა უნდა დეტალურად არ მოვყვები, მაგრამ ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ 🙂

რამდენიმე წუთში 2014 დადგება, ერთი წლის წინაც, ზუსტად ამ დროს, ლეპტოპთან ვიჯექი და ბლოგზე ვწერდი. რა დამთხვევაა, შარშანაც, ისევე როგორც წელს, „დროას“ საახალწლო ფართიზე წასასვლელად ვემზადებოდი. განსხვავება ისაა, რომ წელს კოს’წ’იუმირებულ კარნავალზე მივდივარ და ძალიან მაგარი ფორმა მაქვს ! : )

რა ხდებოდა 2013-ში?

უამრავი დღე მიტრიალებს თავში. ძალიან ბევრი წარმატებული და წარუმატებელი ისტორია. შარშანდელი to do list რომ შევაჯამო, 50 / 50-ზეა – სამსახური შევიცვალე და ბალეტზე ვიყავი, თუმცა არ მიფრენია პარაპლანით და პოლონეთის საელჩოში გასაუბრებაზეც ჩავიჭერი – შესაბამისად არსად წავსულვარ სასწავლებლად.

ვფიქრობ და მახსენდება ისტორიები იმის შესახებ თუ „ვის რა ვარგე“, არაერთი პროგრამა, შეხვედრა, პროექტი, წარმატებული ღონისძიებები კონკრეტული შედეგებით. მშვენიერია!

„ვინ რა მარგო“? კიარადა –  რა მოხდა 2013-ში

წამოვედი თუ გამომიშვეს „ბილიკიდან“,  ზუსტად არ ვიცი კონკრეტულად როგორ იყო, ერთიც იყო და მეორეც.  ფაქტია – იქ აღარ ვმუშაობ. ბევრი კარგი მაკავშირებდა / მაკავშირებს „ბილიკთან“, მაგრამ სამწუხაროდ, ცუდი და “არც თუ ისე კარგი” ისტორიებიც ბევრი იყო. გული ძალიან მწყდება ამ ცუდი მოგონებების გამო, მაგრამ რას ვიზამთ, უარესებიც ხდება (უაზრო ფრაზაა, მაგრამ გამშვიდებს :დ). საბოლოოდ ცვლილებები ძირითადად კარგად სრულდება ხოლმე.

ასე დავიწყე თანამშრომლობა „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“, ჩავერთე NIMD-ის პროექტებში, მერე საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“ – პრობაციონერთა ფსიქო-სოციალური პროგრამის ფასილიტატორი გავხდი. ეს იყო ალბათ ყველაზე საინტერესო / საჭირო და საკმაოდ რთული საქმე, რაც მიმდინარე წელს გავაკეთე. მთელი ცხოვრება გამყვება ეს გამოცდილება …

ასევე მთელი ცხოვრება გამყვებიან გიორგი, ბათუ და დათა – სამი ყველაზე მაგარი კაცი, რომლებიც 2013-ში გავიცანი, ყველაფერი საუკეთესო მათ, მშობლებთან და ჩემთან ერთად რაღა თქმა უნდა 🙂

ზოგადად, 2013 წელს ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, მაგრამ ახლა 2 ყველაზე მნიშვნელოვანი მახსენდება, ალბათ ბოლო პერიოდის გავლენაცაა – თეა კაჭარავა და ლაშა ხმალაძე. თეა „აფხაზეთში“ ზემოთხსენებული პროექტის მენეჯერია, ძალიან საინტერესო და პოზიტიური ადამიანი და თან ჩემსავით წითელთმიანი.

ლაშა – ჩემი ყველაზე „უცნაური მეგობარი“ – თავიდან, რომ ერთამენთი მოგვწონდა-სავით, ახლა კი უბრალოდ ვმეგობრობთ და მხოლოდ მაშინ ვუყვარვარ, როცა ნასვამია. დარწმუნებული არ ვარ, რომ მაგ დროს მხოლოდ მე მირეკავს, მაგრამ „მე მაინც ყველაზე მეტად ვუყვარვარ“ 🙂  (ლაშა, ბლოგი ჩემია, რასაც მინდა იმას დავწერ, პ.ს. მეც მიყვარხარ :პ 🙂 )

კიდევ იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი ადამიანი ახლადგაცნობილებიდან, მაგრამ ცალკე აღარ მოვყვები. პირობას ვდებ – პირადად აუცილებლად ვეტყვი ამის შესახებ 🙂 

კიდევ რა იყო განსაკუთრებული…

ჩემი „დროელი“ მეგობრები და მათთან ერთად გატარებული დღეები – თეატრის ივენთი, ჯომარდობა ფშავის არაგვზე, „პახოდი“ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში“ და ბევრი სასიამოვნო ემოცია …

კიდევ NIMD-ის საზაფხულო ბანაკი „Imagine Georgia in 2025” , ვორქშოპები მეწარმეობაზე და სოციალურ მედიაზე. NIMD ყოველთვის ის მომენტია, როცა ძირითადად იმედი არ გიცრუვდება და ხშირ შემთხვევაში მოლოდინსაც აჭარბებს ხოლმე.  ❤ NIMDელები.

არ ვიცი კონკრეტულად რა იქნება 2014-ში, მაგრამ ვიცი რომ ძალიან საინტერესო და სიახლეებით სავსე წელი იქნება, საიდან ვიცი და განწყობა მეუბნება.

წინა წლის ლისტიდან პარაპლანით ფრენა გადმომაქვს ამ წელში. სასწავლებლად წასვლაზე აღარ ვფიქრობ, მაგრამ ევრო-ტურის ფარგლებში, 3 ევროპული ქვეყნიდან სელფ-შოტის დადება „ჩემზე იყოს“. სხვა სიახლეებსაც არ გამოგაპარებთ 🙂

ფეისბუქმაც შემიჯამა 2013 წელი. სქრინები გადმომაქვს აქ. ბევრი Biggest Moment აკლია, მაგრამ ყველა ფოტოს „მნიშვნელოვნებაში“ ვეთანხმები მარკს. თითოეულ მათგანზე ან ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან გამოსახულნი, ან საინტერესო ისტორიას მახსენებს, ანდა ფოტოს გადამღებს, ანდა ყველას ერთად 🙂  (თუ ვინმეს კონკრეტულად დაგაინტერესებთ, მკითხეთ, გიპასუხებთ 🙂 )

სანამ ჩასქროლავთ, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ბედნიერებას გისურვებთ.

მოკლედ, 2014 , მოვდივარ და დამხვდი! ©
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

 

მადლობა ყველას ვინც წვლილი შეიტანეთ ჩემი 2013-ის ემოციურობაში, 2014-შიც შევხვდებით 🙂 ❤

Posted in Uncategorized | Tagged , , , | დატოვე კომენტარი